სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიები დაიწყეს დარჩენილმა წყვილებმაც. თითო შეხვედრა დღეს, თბილისის ოლიმპიურ და ქუთაისის სპორტის სასახლეებში გაიმართა. რეგულარული ჩემპიონატის 2 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში ჩაება, რომელთაგან ერთმა იმარჯვა, მეორემ კი მარცხი განიცადა.
დავიწყოთ “მგზავრებით”, რომელმაც რეგულარულში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი ოფის პირველ, მეოთხედფინალურ რაუნდში მეშვიდეადგილოსან “ბათუმს” ხვდება. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ “მგზავრებს” ტრავმირებული ჯეიკობ არმსტრონგი დაუბრუნდა, მაგრამ “ბათუმმა”, რომელიც სეზონის უმეტესობა “ა” ლიგაში დაქვეითების ერთ-ერთი კანდიდატი იყო, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს წყვილში ფავორიტად შერაცხულ “მგზავრებს” და მათი ბრძოლა ბოლო წუთებზე გამარჯვებით დაფასდა. “ბათუმმა” შეხვედრა 90:88 (სტატისტიკა) მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა. შესაბამისად, ბათუმელებმა “მგზავრებს” მოედნის უპირატესობა აართვეს.
მატჩი თანაბარი და საკმაოდ ემოციური გამოდგა. ბათუმელები თავდაპირველად გალიდერდნენ, თუმცა “მგზავრები” სწრაფი გარღვევებით ჩამორჩენას აბათილებდა და სტუმრებს წინ არ უშვებდა. პირველი მეოთხედი ზღვისპირელთა მინიმალური უპირატესობით – 22:21 დასრულდა, მეორეში კი მასპინძლებმა მოიპოვეს უპირატესობა და დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 43:41.
პირველი ნახევრის შემდეგ ვითარება არ შეცვლილა. თამაში თანაბარ რიტმში მიდიოდა, “მგზავრებმა” კი ლიდერობას 1 ქულაც წაამატეს და ბოლო ათწუთეულის წინ 61:58 დაწინაურდნენ. როცა მეოთხედის სტარტზე “მგზავრებმა” გაქცევა მოაწყეს და 65:58 დაწინაურდნენ, “ბათუმი” ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. ზღვისპირელთა მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო, მოთამაშეებმა კი ტაქტიკა შეცვალეს, მეტოქის სწრაფი შეტევების ჩაშლა ჯარიმებით გადაწყვიტეს და გაუმართლათ – “მგზავრების” მოთამაშეები საჯარიმოებს უმეტესწილად აცილებდნენ, რითაც “ბათუმი” სარგებლობდა და 3-წუთიანი მონაკვეთის 10:1 მოგების შემდეგ სტუმრები 68:66 გალიდერდნენ.
თამაშიც გათანაბრდა და წავიდა ქულა-ქულაში ბრძოლა. ნოდარ თენიეშვილის და სპენსერ კოლინსის სამქულიანების შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ბათუმელები 7 ქულით დაწინაურდნენ, რითაც გამარჯვება ფაქტობრივად გაინაღდეს. “მგზავრების” მოთამაშეებმა – რეზო ჩაჩანიძემ, ადრიან ბოუიმ და ჯეიკობ არმსტრონგმა სწრაფი ქულები კი მიითვალეს, თუმცა სტუმართა საუკეთესო მოთამაშე კეისი შეპარდმა ბოლო წამებზე დიდოსტატურად ითამაშა და მისმა ზუსტმა მოქმედებებმა, ასევე ორქულიანმა, “ბათუმს” მოგება გაუნაღდა.
ზღვისპირელებს 30 ქულით სწორედ შეპარდმა ულიდერა. 16 ქულა დააგროვა სპენსერ კოლინსმა. სტეფან ანდრეევიჩის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. “მგზავრებში” საუკეთესო იყო ადრიან ბოუი. კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა, ხოლო ჯეიკობ არმსტრონგმა 17 ქულა მიითვალა.
ეს გუნდები მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩს 4 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში – 16:00 საათზე ითამაშებენ.
რაც შეეხება დღევანდელ მეორე მატჩს, ქუთაისში რეგულარულის გამარჯვებული “ქუთაისი” მერვეადგილოსან “ტიტებს” დაუპირისპირდა. სერიის პირველ მატჩში ქუთაისელებმა დაძაბულ ბრძოლაში – 93:87 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს, რაშიც ლომის წილი აკაკი დვალიშვილსა და ჯონათან ლის მიუძღვით. დვალიშვილმა 22 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ლის ანგარიშზე კი 23 ქულა და 9 პასი დაგროვდა. “ტიტებში” 27 ქულით საუკეთესო იყო ჟოელ ალმეიდა, ლუკ მეიერმა 15 ქულა მიითვალა, ილია ლონდარიძის ანგარიშზე კი 10 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.
ამ გუნდების სერიის მეორე მატჩიც ქუთაისში, 4 მაისს, 18:30 საათზე გაიმართება.