სუპერლიგის მორიგ მატჩში შედარებით მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ცხრილის ერთ-ერთი ლიდერი “კავკასია” ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბათუმს” შეხვდა და ისე დამარცხდა, წარმატების შანსი არ ჰქონია. ამ მატჩის შედეგი იმას მიუთითებს, რომ სუპერლიგაში გამოკვეთილად ძლიერი და სუსტი გუნდები არ არსებობს. ნებისმიერს აქვს შანსი ლიდერს ტოლ-სწორად ეთამაშოს და დაამარცხოს კიდეც, როგორც ეს ბათუმელებმა გააკეთეს და ამ გამარჯვებით ცხრილის შუაში გამაგრდნენ.
რა იყო ბათუმელთა წარმატების მიზეზი? რა თქმა უნდა, ბათუმელებმა დიდებულად ითამაშეს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ კავკასიამ თამაში ჩააგდო. ეს გახლდათ ბექა წივწივაძის გუნდის ყველაზე ცუდი მატჩი ამ სეზონში. ბათუმელებმა თავიდან რომ მოიპოვეს ლიდერობა, რაც დრო გადიოდა, უპირატესობას სათავისოდ ზრდიდა. პირველი პერიოდი ზღვისპირელებმა 8 ქულით მოიგეს, მეორეში კი მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და ათწუთეულის 30:12 მოგებით დიდი შესვენებისთვის 26 ქულით დაწინაურდნენ.
მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ბათუმელებმა ტემპი არ დაადგეს და მათმა უპირატესობამ 30 ქულას გადააჭარბა. აქ კი ყველაფერი ცხადი გახდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვება გაინაღდა და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა. საბოლოოდ ბათუმელებმა 99:69 (სტატისტიკა) მოიგეს და 2022 წელი ამაღლებულ ნოტაზე დაასრულეს. ზღვისპირელებს 28 ქულით კაილი რიდლიმ ულიდერა. დერიკ ნიუტონმა 20 ქულა მიითვალა, სოსო გოგნაძის ანგარიშზე 16 ქულა და 18 მოხსნა დაგროვდა. კავკასიაში 14 ქულით ლევან გოგიჩაიშვილი გამოირჩა. კრის მაკნილისა და ჯასტინ ფორესტის ანგარიშზე 12-12 ქულა დაგროვდა.
კავკასიამ სუპერლიგაში მეორე მარცხი განიცადა, ბათუმელთა ანგარიშზე კი 4 მოგება და 6 მარცხია.