გურჯაანის დელტა სატრანსფერო კუთხით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო როგორც სეზონის დაწყებისას, ისე პირველ და მეორე წრეებს შორის პერიოდში. შესაბამისად, ირაკლი ძიძიგურისა და გიორგი ლაშქარაძის გაწვრთნილმა გუნდმა არაერთი ცვლილება განახორციელა – ჩამოიყვანა ლეგიონერები და ქართული გუნდიდანაც შეიმატა სასურველი კალათბურთელი. სწორედ იმ გუნდთან, რომლიდანაც გურჯაანელებმა პირველი წრის შემდეგ მოთამაშე დაიმატეს, დღევანდელ მატჩში დამარცხდნენ.
ლაპარაკია “ბათუმზე”, სადაც სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე ათლეტური ლეგიონერი, დერიკ ნიუტონი თამაშობდა და ეს კალათბურთელი დელტაში გადავიდა. ნიუტონის გარდა გურჯაანელებმა ჩემპიონატის დაწყების შემდეგ 2 ლეგიონერი და ერთი რიგიანი ქართველი ცენტრი – გეგი ბაქრაძე დაიმატეს, თუმცა შედეგზე ეს არ ასახულა. დღეს დელტამ სუპერლიგის მიჯრით მე-7 მატჩი წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის 3 დეკემბრის შემდეგ, რაც ძიძიგურის გუნდმა “ტიტებს” მოუგო, გამარჯვება აღარ მოუპოვებია.
დღევანდელი მატჩი გურჯაანელებმა ბრძოლაში დათმეს. თუმც აღსანიშნავია, რომ ყველა შეხვედრა, რომელიც დელტამ აქამდე წააგო, უბრძოლველად არ დაუთმია. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმაც განახორციელეს ტრანსფერები, თუმცა მათ როტაციას მყისიერი შედეგი მოჰყვა. აჭარელებმა წინა ტურში შინ სუპერლიგის ლიდერი “კაკტუსი” დაამარცხეს, მანამდე კი ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს ისეთი ამბიციური გუნდები, როგორებიც ქუთაისი და კავკასიაა.
ბათუმელებმა თანაბარი მატჩის ბოლო პერიოდში 10 ქულიან უპირატესობას მიაღწიეს და ისე კლასიკურად ჩაითამაშეს დარჩენილი დრო, რომ მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. საბოლოოდ 76:68 (სტატისტიკა) და ეს ბათუმელთა ზედიზედ მე-4 გამარჯვებაა სუპერლიგაში. აჭარელებს ტრადიციულად რაილი რიდლიმ ულიდერა, რომელმაც 23 ქულა და 5 პასი მიითვალა. 18 ქულა და 9 მოხსნა სოსო გოგნაძის ანგარიშზეა, 11 ქულა ბრენდონ ალსტონმა მიითვალა. დელტაში 21 ქულით ოთარ ფხაკაძე გამოირჩა, გეგი ბაქრაძის ანგარიშზე კი 1ო ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.
ამ გამარჯვებით ბათუმმა სუპერლიგის ცხრილში მე-2 ადგილზე აინაცვლა, თუმცა მას კონკურენტებზე 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.