შედეგებისუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი შინაურ არენაზე დამარცხდა.
ცხრილის სათავეში 6 მოგებითა და 1 მარცხით მყოფმა „ბათუმმა“ მეექვსეადგილოსან „დინამოს“
უმასპინძლა და 12 ქულით – 64:76 დამარცხდა. ამ საინტერესო მატჩით დაიწყო სუპერლიგის
მეორე წრე, მოგვიანებით კი მორიგ შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა.
„დინამო“ აჭარის დედაქალაქში 3 მოგებითა და 4 მარცხით
ჩავიდა. გუნდებს შორის მოგებ-წაგეთა ასეთი შეფარდება ფავორიტობას, ცხადია, მასპინძელ
„ბათუმს“ ანიჭებდა, მაგრამ მიმდინარე სეზონის მთავარი მომხიბვლელობაც ესაა – აღიარებული
ფავორიტები არ არსებობენ და ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერი მეტოქე დაამარცხოს.
„ბათუმმა“ მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო და პირველ პერიოდში
8:23 ჩამორჩენის შემდეგ წასაგებად გაიწირა. რეალური საფრთხის წინაშე დამდგარმა მასპინძლებმა
ამ უხეირო სიტუაციიდან გამოძრომა მოახერხეს და ანგარიში უკვე მეორე პერიოდში გაათანაბრეს
– 32:32. ამის შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა და თითქოს მასპინძლები დაგეგმილ გამარჯვებამდე
მიდიოდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში დინამოელმა ებრიუ მაკალპინმა ლამის მარტომ გადაწყვიტა
მატჩის ბედი.
ანგარიში თანაბარი იყო, როცა ამერიკელმა ლეგიონერმა
ზედიზედ 8 ქულა მიითვალა და შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე დინამოელები
64:56 დააწინაურა. ამან ბათუმელები გატეხა, მასპინძლებმა ვეღარ მოახერხეს ვითარების
გამოსწორება და საბოლოოდ სეზონის მე-2 მარცხი განიცადეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა
ვერაფერი მოუხერხეს დინამოელთა შორ სროლებს და ძირითადად ამის გამო წააგეს. საბოლოო
ჯამში თბილისელებმა 11 სამქულიანი ჩააგდეს, მასპინძლებმა კი – მხოლოდ ერთი.
გამარჯვებულებს 19 ქულით მაკალპინმა ულიდერა, 18 ქულა
მიითვალა გრიგოლ შვანგირაძემ (7-დან 5 სამქულიანი), მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე კი
17 ქულა დაგროვდა. „ბათუმში“ 18 ქულითა და 16 მოხსნით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა,
უკრაინელმა ლეონიდ სტეპანიშინმა კი 12 ქულა მოაგროვა.
იმერეთში გამართულ მატჩს რაც შეეხება, სატურნირო თვალსაზრისით
ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. მეორე ადგილზე მყოფმა „ქუთაისმა“ მეშვიდეადგილოსან „მგზავრებს“
უმასპინძლა და 15 ქულის სხვაობით – 81:66 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს
გამარჯვების მოსაპოვებლად საკმაო ჯაფა დაადგათ. პირველი ნახევრის ბოლო წუთისთვის ქუთაისელები
13 ქულით – 29:42 აგებდნენ და მარცხის რეალური საფრთხის წინაშე იდგნენ.
მასპინძლებმა დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 8 ქულამდე
შეამცირეს, ხოლო მესამე მეოთხედში სტუმრები წელში გატეხეს. გუნდური თამაშის წყალობით
„ქუთაისმა“ ათწუთეული 22:9 მოუგო „მგზავრებს“ და ბოლო პერიოდს ლიდერის ამპლუაში შეხვდა
– 56:51. დარჩენილ დროში ინიციატივამოპოვებულმა ქუთაისელებმა აღარაფერი დათმეს და საბოლოოდ
დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვეს.
„ქუთაისში“ 18 ქულით ბომბარდირი გოგა ცეკვავა გახდა,
საუკეთესო შედეგი კი რიჩარდ მათიაშვილმა დააფიქსირა – 16 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი,
2 ჩაჭრა, 1 დაფარება. ახალწვეულმა ლეგიონერმა, ჯონ ბრიტონმა ქუთაისელებს 15 ქულა და
9 მოხსნა მიაშველა. „მგზავრებში“ სამმა კალათბურთელმა – კახა ჯინჭარაძემ, გიორგი ცირეკიძემ
და კაშიმ რენსომმა 11 ქულა დააგროვა.
სუპერლიგის მე-8 ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 5 დეკემბერს,
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ბათუმი – დინამო 64:76
დავით უსტიაშვილი („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი):
დღეს სამწუხაროდ ვერ ვაჩვენეთ ისეთი თამაში, როგორიც ჩვენ გვსურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა იყო ის რომ ლონდარიძის გარეშე დარჩენილი
„დინამოს“ გუნდისგან არ ველოდით ასეთ დიდ წინააღმდეგობას და ზედმეტმა თავდაჯერებულობამ
იჩინა თავი. „დინამომ“ შესანიშნავად იბრძოლა, დაძაბული თამაში გამოვიდა და მეტოქემ
დამსახურებულად გაიმარჯვა. დაბალი შედეგი ვაჩვენეთ შორეულ ტყორცნებშიც, სადაც არასახარბიელო
პროცენტული მაჩვენებელი გვაქვს. ზოგადად წელს
საკმაოდ რთული ჩემპიონატია და ყველაფერია მოსალოდნელი. ყველა გუნდი ძლიერი მოწინააღმდეგეა,
ამიტომ ვეცდებით მსაგავსი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ.
ირაკლი ხოშტარია
(დინამოს მთავარი მწვრთნელი): 1-ელ მეოთხედშივე მოვიპოვეთ უპირატესობა, თუმცა მაინც თანაბარი თამაში
იყო. მიუხედავად, შემადგენლობაში არსებული პრობლემებისა (ლონდარიძის დისკვალიფიკაცია,
გოგოძისა და ზაქრაძის ტრავმები), სასიხარულოა, რომ „ბათუმთან“ ჩვენი დავალება კარგად
შევასრულეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომელიც 1-ელი წრიდან გამომდინარე
სატურნირო ცხრილში ძალიან გვჭირდებოდა.
ქუთაისი – მგზავრები 81:66
ანატოლი ბერიშვილი („მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): „ვულოცავ
ქუთაისელებს ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენ გვქონდა შანსი, შეხვედრის პირველ და მეორე მეოთხედებში
კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ მესამე ჩავაგდეთ, ეს უკვე ზედიზედ მესამე თამაშში ხდება.
ბოლოს გამოცდილებამ თავისი გაიტანა. ჩვენი გუნდი გაცილებით ახალგაზრდულია და მომდევნო
მატჩებში, ეტაპობრივად უნდა გავაუმჯობესოთ შედეგები“
კოტე ტუღუში („ქუთაისი 2010“-ს მთავარი მწვრთნელი):
„საქართველოს ჩემპიონატში იოლი მეტოქე არ არსებობს. ძალიან რთული თამაში იყო, „მგზავრები“
კარგი გუნდია, პირველ ტაიმში სტუმრებმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს, დაწინაურდნენ კიდეც
სოლიდური სხვაობით. მაგრამ ბიჭების დიდი ძალისხმევით და ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით
შევძელით თამაშის შემოტრიალება“.