არმიამ ქუთაისში მოიგო და 2:1 დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკაგალერეა

“ქუთაისსა” და “არმიას” შორის ნახევარფინალური
სერია დაძაბულად გრძელდება. მორიგ, რიგით მე-3 მატჩს უმასპინძლა ქუთაისმა, სადაც დრამატულ,
ოვერტაიმიან ბრძოლაში “არმიამ” გამარჯვებას მიაღწია და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ძირითადად
არმიელები ლიდერობდნენ, მაგრამ ქუთაისელები ჩამორჩენის გაბათილებას ახერხებდნენ. პირველ
მეოთხედში “არმია” 16:6 დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა დიდი შესვენებისთვის
ჩამორჩენა ჯერ 3 ქულამდე შეამცირეს (29:32), შემდეგ კი დაწინაურდნენ კიდეც -36:32.

მესამე მეოთხედში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა და მიუხედავად
იმისა, რომ ბოლო პერიოდში არმიელები 8 ქულით დაწინაურდნენ, მასპინძლებმა გათანაბრება
მაინც მოახერხეს. ბოლო წამებზე “ქუთაისი” 2 ქულით იგებდა, სტუმრებს შესატევად
8 წამი ჰქონდათ და საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე ლაშა ფარღალავამ გამთანაბრებელი ბურთი
ჩააგდო – 67:67.

თამაში დამატებით 5-წუთეულში გაგრძელდა, რომელშიც არმიელებმა
გუნდური თამაშის წყალობით გამარჯვებას მიაღწიეს – 84:80. არმიელთაგან 19 ქულითა და
10 მოხსნით საუკეთესო შედეგი გიორგი შარაბიძემ დააფიქსირა, 18 ქულა და 6 პასი ჰქონდა
ბექა წივწივაძეს, 15 ქულა ლაშა ფარღალავას, ხოლო ანატოლი ბოისამ თბილისელებს 12 ქულა
მიაშველა.

“ქუთაისში” საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი,
რომელმაც პირად ანგარიშზე 24 ქულა და 19 მოხსნა ჩაიწერა. 17 ქულა და 9 პასი გოგა ცეკვავამ
მოაგროვა, 10 ქულით დაასრულა თამაში გიორგი ბარბაქაძემ.

სერიის მე-4 შეხვედრა ხვალ, ისევ ქუთაისში 18:00 საათზე გაიმართება.
 
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში
(არმიის მთავარი მწვრთნელი): დაძაბული არ ერქვა დღევანდელ  თამაშს, სასაწაული მატჩი შედგა.  დარბაზში არაჩვეულებრივი ატმოსფერო და ნამდვილი საკალათბურთო
ზეიმი იყო.  მადლობა ორივე გუნდს, მაგრამ უცებ
ვივიწყებთ დღევანდელ გამარჯვებას, რადგან ჯერ არაფერი დამთავრებულა, ყველაზე დაძაბული
მატჩები წინ გველოდება.  
 
მედეა მხეიძე
(„ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): ეს არ იყო უბრალოდ
დრამატული შეხვედრა, ეს იყო უმაღლესი კლასის  თამაში, ემოციებით სავსე, სადაც მაქსიმალურად დაიხარჯნენ
მოთამაშეებიც და გულშემატკივრებიც. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტულმა მომენტმა
გადაწყვიტა თამაშის ბედი.  ამ მატჩის შედეგი
 იმაზე უფრო იქნებოდა დამოკიდებული, თუ ვის
გაუღიმებდა ფორტუნა, რადგან ორივე გუნდმა ბრწყინვალედ იასპარეზა. რა  თქმა  უნდა,
 ჩვენს გუნდს დააკლდა ზაურ ფაშაევი და ეს სუსტი
მხარე მეტოქემ  კარგად გამოიყენა და ძალიან
სწორი ტაქტიკითაც ითამაშა.

 ხვალ უმნიშვნელოვანესი
თამაში გველის, იმედს არ ვკარგავთ და ვეცდებით მაქსიმალურად მზადყოფნაში და კონცენტრირებულნი
შევხვდეთ ხვალინდელ დღეს. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა პერსონალს, გულშემატკივრებს,
რომლებმაც უზარმაზარი აჟიოტაჟი შექმნეს დარბაზში, მადლობა მსაჯთა ბრიგადას და ყველას,
ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელ შეხვედრაში.