სტატისტიკა
გალერეაVideo დაძაბულად და
საინტერესო დაიწყო ნახევარფინალური სერია
“არმიასა” და “ქუთაისს” შორის, რასაც მატჩის შედეგიც მოწმობს.
მატჩის დასრულებამდე 0,7 წამით ადრე ჩაგდებული საჯარიმოს წყალობით არმიელებმა
73:72 დაამარცხეს “ქუთაისი” და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
მატჩის ბედი ბოლო
წუთზე გაურკვეველი იყო. ეს იყო ლოგიკური ბოლო თამაშისა, რომელშიც თავიდან ბოლომდე თანაბარი
ბრძოლა მიმდინარეობდა და მაყურებელიც საინტერესო ფინალს ელოდა. ბოლო წუთზე ისეთი სიტუაცია
შეიქმნა, ყველაფერი ერთ შეცდომაზე იყო დამოკიდებული, რომელიც ქუთაისლებმა დაუშვეს.
სტუმართა შეცდომა
ის იყო, რომ როცა ანგარიში ფრე იყო, საფინალო სირენამდე 6 წამი რჩებოდა და 2 ჯარიმის
აღების საშუალება ჰქონდათ, ეს სათანადოდ ვერ გააკეთეს. პირველი ჯარიმა ქუთაისლებმა
დასრულებამდე 5 წამით ადრე აიღეს, ხოლო მეოთხე გუნდური პერსონალური საბედისწერო აღმოჩნდა
– აკაკი დვალიშვილი სროლის მომენტში დაჯარიმდა გიორგი შარაბიძეზე და ამ უკანასკნელს
დასრულებამდე 0,7 წამით ადრე სროლების საშუალება მიეცა. არადა, მანამდე რომ დაჯარიმებულიყო
დვალიშვილი, სანამ არმიელი ცენტრი სასროლად შეიმართებოდა, დიდი ალბათობით თამაში ოვერტაიმში
გადავიდოდა.
მთლიანობაში მატჩი
თანაბარი გამოვიდა. უმეტესწილად არმიელები ლიდერობდნენ, თუმცა ქუთაისელები არ რჩებოდნენ
და მეორე ნახევარში ანგარიში რომ გათანაბრდა, შეხვედრის ბოლომდე ბრძოლა ქულა-ქულაში
მიმდინარეობდა. ქუთაისელებს ახალგაზრდა ავთანდილ ლომინაშვილმა ულიდერა, რაც არმიელთათვის
გარკვეულწილად სიურპრიზი გახლდათ.
“არმიაში”
საუკეთესო ზვიად ბაბიაშვილი იყო, რომელმაც 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. 15 ქულა
ჰქონდა ლაშა ფარღალავას, ხოლო გიორგი შარაბიძის ანგარიშზე 14 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.
ქუთაისელთაგან ბობარდირი ლევან ცეკვავა გახდა, რომელმაც 20 ქულა დააგროვა. ლომინაშვილმა
18 ქულა მიითვალა, აკაკი დვალიშვილს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 10 ქულა,
9 მოხსნა.
სერიის მეორე
შეხვედრა 10 მაისს, კვლავ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ უაღრესად დაძაბული თამაში იქნებოდა. თანაბარი
ძალის გუნდები ვართ და მთელი სეზონის განმავლობაში საინტერესო და დაძაბული ბრძოლები
გვქონდა.სასიამოვნოა, რომ გავიმარჯვეთ და სერიაში დავწინაურდით, ვემზადებით ხვალინდელი
მატჩისთვის, რომელიც კიდევ უფრო რთული იქნება, ძალიან დიდია ფიზიკური დატვირთვა და
ეს სერიოზული ფაქტორი იქნება. ვეცდებით, ხვალინდელ მატჩშიც წარმატებას მივაღწიოთ და
ქუთაისში მოედნის უპირატესობით წავიდეთ.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): მივულოცავ
,,არმიას’’ გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვითამაშეთ და ვიბრძოლეთ, ასეთ
თამაშებში ბოლო წამებამდე არაფერია გარკვეული, ბოლოს კი მოგების შანსი გავუშვით ხელიდან.
ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვიდა. ვიმედოვნებ, ხვალ ის მოთამაშეები,
რომლებმაც დღეს ნაკლებად გამოიჩინეს თავი, უკეთეს ფორმაში იქნებიან და კარგ შედეგს
ვაჩვენებთ.
გიორგი შარაბიძე(,,არმია’’): დაძაბულ ბრძოლაში
გავიმარჯვეთ, თუმცა ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ. ვეცდებით, დღევანდელი ხარვეზები
გამოვასწოროთ და ხვალ უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.