თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა ფინალური სერიის პირველი მატჩი ,,არმიასა” და ,,ოლიმპს” შორის, სადაც არმიელებმა 72:66 იმარჯვეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
შეხვედრის საწყისი წუთები ,,ოლიმპის” უპირატესობით წარიმართა, რომლებიც პირველი პერიოდის მე-3 წუთზე 8:2 გავიდნენ წინ. არმიელები მალევე გააქტიურდნენ და მეოთხედის შუაწელში 11:8 დაწინაურდნენ, თუმცა პერიოდის დასრულებამდე 4:45 წუთით ადრე ოლიმპელებმა საყაიმო ანგარიში 13:13 დააფიქსირეს, რის მერეც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. აღნიშნული მეოთხედის მიწურულს იოაკიმ შელმბომის ზუსტი საჯარიმოებისა და ბენჯამენ ვუდსაიდის შორეული სამქულიანის წყალობით ,,არმია” 20:15 გავიდა წინ და საწყისი ათწუთეულიც მის სასარგებლოდ დასრულდა.
მეორე პერიოდი კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა. ოლიმპელებმა მეოთხედის შუაწელში ფრე 26:26 დააფიქსირეს, თუმცა დარჩენილ დროში არმიის გუნდმა მაინც მოახერხა წინ გასვლა და პერიოდის დასრულებამდე 2:37 წუთით ადრე 4-ქულიანი უპირატესობით, 31:27 გავიდა წინ. დარჩენილ დროში ოლიმპელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს და ტაიმი 32:34 დათმეს.
მესამე მეოთხედი ,,ოლიმპის” სასარგებლოდ დაიწყო, რომელიც პერიოდის მესამე წუთზე 38:36 გავიდა წინ. ,,ძალოვნები” მდევრის როლში აღმოჩნდნენ, ხოლო ოლიმპელებმა მოპოვებული უპირატესობა მეოთხედის ბოლომდე შეინარჩუნეს და გიორგი ცინცაძის შორეული 3-ქულიანის ხარჯზე თავიაანთ სასარგებლოდ, 51:49 დააფიქსირეს.
დასკვნითი მეოთხედი კვლავ ,,ოლიმპის” სასარგებლოდ დაიწყო (57:51), თუმცა მიუხედავად ამისა, არმიის გუნდმა პერიოდის მე-5 წუთზე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (58:59), ხოლო ანატოლი ბოისას ზუსტი სამქულიანის წყალობით 2 ქულით, 61:59 გავიდა წინ. არმიელებმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 3:55 ადრე 65:61 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში არმიის გუნდმა შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება, ,,ოლიმპმა” კი მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და სერიაში 0:1 ჩამორჩა.
გამარჯვებულებს 22 ქულით ბენჟამენ ვუდსაიდმა ულიდერა, ხოლო 13 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი უილიამ ტომასმა მიითვალა. ოლიმპელთა მხრიდან საუკეთესო იყო გიორგი ცინცაძე, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა შესძინა.
მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ,,არმიისა” და ,,ოლიმპის” მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი): როგორც მოსალოდნელი იყო თამაში დაძაბული გამოდგა და ,,ოლიმპმა” ძალიან კარგი თამაში აჩვენა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, 18 დაკარგვა გვაქვს, რაც ნამდვილად საგანგაშოა და აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. მიუხედავად ამისა, პირველ მატჩი გავიმარჯვეთ, შედეგით კმაყოფილები ვართდა უკვე ხვალინდელი მატჩისთვის ვიწყებთ მომზადებას.
რაც შეეხება ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარებას, ეს ჩვენ წინასწარ ვიცოდით და საამისოდ მომზადებულნიც ვიყავით. ვფიქრობ, ხვალ უკეთესად გამოჩნდება თუ რამდენად კარგად მოემზადა ამისთვის ჩვენი გუნდი.
გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი): ვულოცავ არმიის გუნდს გამარჯვებას, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ჩვენზე უკეთ შეასრულა ჯარიმები და შორეულ ტყორცნებშიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. არ მინდა მსაჯებზე საუბარი, მაგრამ აღვნიშნავ რომ რამდენიმე სასტვენზე პრეტენზია გვაქვს. მიუხედავად ამისა, ვთვლი რომ მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა.
თუ როგორ მოემზადა გუნდი ფინალური სერიისთვის, ეს მესამე მატჩში გამოჩნდება. ვფიქრობ, გადაღლილობა ორივე გუნდს
უფრო 22 მაისს დაეტყობა.
დავით უგრეხელიძე: პირველ ტაიმში შეტევაში თამაში არ წაგვივიდა და 18 დაკარგაც ძალიან ბევრია ფინალური მატჩისთვის. შევეცდებით ხვალისთვის გამოვასწოროთ ეს ხარვეზი და უფრო დაძაბული და საინტერესო მატჩი ვაჩვენოთ.
გიორგი ცინცაძე: ფინალისთვის შესაფერისი მატჩი იყო და დარწმუნებული ვარ მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო. მივულოცავ არმიის გუნდს და ვიმედოვნებ ხვალინდელი შეხვედრაც დაძაბული და სანახაობრივი იქნება, სადაც გამარჯვებას ჩვენი გუნდი მოიპოვებს.