აკადემიელთა მარცხი დინამოსთან და ბათუმის ქულიანი გამარჯვება რუსთავში

აკადემიელთა მარცხი დინამოსთან და ბათუმის ქულიანი გამარჯვება რუსთავში

 შედეგები
 გალერეა

   სუპერლიგის 25-ე ტური ისეთივე დაძაბული მატჩით დასრულდა,
როგორც დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ტურის პირველ მატჩში 8 აპრილს „ქუთაისმა“ 1 ქულით
დაამარცხა „სოხუმი“ და ბოლო შეხვედრაშიც ერთქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. პლეი ოფში
გასასვლელად მებრძოლმა „რუსთავმა“ სუპერლიგის ლიდერსა და ოთხეულში ადგილდაბევებულ
„ბათუმს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა 17:2 გაქცევით დაიწყო, საბოლოოდ
მარცცი განიცადა – 68:69.

მატჩის საწყისი 5 წუთი ისე წარიმართა, გაფიქრებინებდათ,
ბათუმელები უშანსოდ არიანო. მასპინძლებს ყველაფერი გამოსდიოდათ – შორი და საშუალო სროლები,
განსაკუთრებით კი ფარქვეშიდან ეფექტური გდებებით გამოირჩეოდნენ რუსთაველები. კაილ ტურპინმა
მატჩის საწყისი 3 ბურთი ეფექტური გდებით – ეგრედ წოდებული ჩატენვით მიითვალა, რასაც
2 ზუსტი საჯარიმო მოაყოლა და 8:0 ანგარიშზე ბათუმელებმა წუთშესვენება აიღეს. პირველი
მეოთხედის ბოლომდე ბევრი არაფერი შეცვლილა, ქვემოქართლელები 17:2 დაწინაურდნენ, რის
შემდეგაც ბათუმელთა ჯერიც დადგა.

პირველ შესვენებაზე ბათუმელები 7-ქულიანი დეფიციტით
გავიდნენ, ხოლო მეორე ათწუთეულიდან ზღვისპირელებმა რადიკალურად შეცვალეს თამაშის მანერა
უარესიდან საუკეთესოსკენ და ჩამორჩენის აღმოფხვრას მიჰყვეს ხელი. ეს ბათუმელებმა დიდ
შესვენებამდე მოახერხეს, რაც მეტწილად აკაკი დვალიშვილის შედეგიანი ფარქვეშა თამაშის,
სტუმართა უკრაინელი ლეგიონერებისა და ფეხმარდი გამთამაშებლის – ირაკლი მიქელაძის დამსახურებაა.

მესამე პერიოდში ბათუმელებმა შედეგიანი თამაში განაგრძეს
და დავით უსტიაშვილის გუნდის ლიდერობამ 10 ქულას მიაღწია. ბოლო პერიოდის წინ სტუმრები
7 ქულას იგებდნენ, თუმცა მიხეილ ჭოჭუას, ლაშა გამყრელიძისა და კაილ ტურპინის წინამძღოლობით
რუსთაველებმა ჩამორჩენის გაბათილება მოახერხა და ბოლო წუთებმა ქულა-ქულაში ჩაიარა.
ბოლო 3 წუთში ვერც ერთი გუნდი 1 ქულაზე მეტით ვერ დაწინაურდა.

ბოლო წუთზე გუნდებმა ლიდრობა რამდენჯერმე გაცვალეს.
ჯერ იყო და ირაკლი მიქელაძემ სირენამდე 39 წამით ადრე 67:66 დააწინაურა ბათუმელები,
რასაც მიხეილ ჭოჭუამ ურთულესი პოზიციიდან ჩაგდებული ორქულიანით უპასუხა – 68:67 რუსთაველთა
სასარგებლოდ. ბათუმელებს თამაშის გადასარჩენად 26 წამი ჰქონდათ და თამაში საკუთარ თავზე
ბესო ლეჟავამ აიღო, რომელმაც სოლო რეიდით უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო და ქულით ჩამორჩენილ
რუსთაველებს თამაშის გადასარჩენად 7 წამი დაუტოვა. წუთშესვენების შემდეგ ბურთი თამაშში
ლევან ხმელიძემ შეიტანა. ლაშა გამყრელიძემ ხმელიძეს დაუტოვა, რომელმაც ბათუმელთა კარგი
დაცვის გამო თავისუფალი თანაგუნდელი ვერ იპოვა და ცაიტნოტში ჩავარდნილი თავად განიზრახა
შეტევა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა და დროც ამოიწურა.

ბათუმელებს 20 ქულით და 18 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა
ულიდერა. 12 ქულა მიითვალა ლეონიდ სტეპანიშინმა, ხოლო იგორ კრივცოვის ანგარიშზე ორმაგი
დუბლი – 10 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. „რუსთავში“ 21 ქულა-10 მოხსნით საუკეთესო იყო
ამერიკელი კაილ ტურპინი.

ამ მატჩამდე თბილისში „დინამოსა“ და აუტსაიდერ „აკადემიას“
მატჩი გაიმართა, რომელიც ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა 28 ქულით –
94:66 მოიგეს. აკადემიელებმა გუნდიდან ბოლო ლეგიონერიც გაუშვეს და მთლიანად ახალგაზრდა
კალათბურთელების იმედზე დარჩნენ, რომლებმაც ლეგიონერების მყოლსა და დიდი ამბიციების
მქონე დინამოელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ბოლო პერიოდამდე ანგარიშში სხვაობა იმდენად
დიდი არ ყოფილა, თუმცა დასკვნით ათწუთეულში დინამოელებმა 25:11 იმარჯვეს და „აკადემიას“
მარცხს გამანადგურებელი სახე მისცეს.

„დინამოში“ 17 ქულით მაკსიმ კოვაჩევიჩი გამოირჩა,
15 ქულა მიითვალა მიხეილ ბერიშვილმა, ხოლო გიორგი შარაბიძემ თავი 11 ქულას მოუყარა.
აკადემიელთაგან 16-16 ქულით აკაკი ლომოური და მერაბ ბოქოლიშვილი გამოირჩნენ.

25-ე ტურის შემდეგ ცხრილის მოწინავე ოთხეულში 1-ქულიანი
სხვაობაა. პირველზე „ბათუმია“, რომელსაც ქულიტ ჩამორჩება „ქუთაისი“. ქულით ნაკლები
აქვს მესამეადგილოსან „დინამოს“, შემდეგ კი „სოხუმი“ მოდის. 4-5 ადგილზე თანაბარი ქულებით
„მგზავრები“ და „რუსთავი“ მოდიან, რომლებსაც ოთხეულში შესვლის შანსი აქვთ, თუმცა ყველაფერი
იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ
3 ტურში. 
დინამო – აკადემია  94:66  

მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია („დინამოს” მთავარი მწვრთნელი): მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით „აკადემიას“ შესუსტებული შემადგენლობა ყავდა, მცირე პრობლემები მაინც შეგვექმნა. ყველა მოთამაშეს მიეცა შანსი თავი გამოეჩინა და ამას მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ეს დაგეგმილი გამარჯვება იყო და ეხლა ის დაგვრჩენია შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ. 
გიორგი ნიკოლაძე: („აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი): რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, ცხადია რომ პრობლემები გაქვს, შესუსტებული შემადგენლობა და გამოუცდელი მოთამაშეები გვყავს. ფაქტიურად აღარ გვყავს ფარქვეშ მოთამაშე და ეს ძალიან დაგვეტყო. 
რუსთავი – ბათუმი  68:69
ბადრი კიკვიძე („რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): ძალიან კარგი თამაში იყო. ორივე გუნდს ჭირდებოდა მოგება. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე პერიოდში გაგვასწრო მოწინააღმდეგემ. მეოთხე პერიოდიდან თითქოს გამოვასწორეთ, მაგრამ ბოლო წამებზე წავაგეთ თამაში.

დავიტ უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): რუსთავი ძლიერი გუნდია და ვიცოდი, რომ ურთულესი ბრძოლა
გველოდა. არათუ ამ მატჩში, „ბათუმი“ ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის და რა თქმა
უნდა, დიდად გახარებული ვართ, დღეს მიზანს რომ მივაღწიეთ. ეს გამარჯვება იმისთვის გვჭირდება,
რომ ცხრილში მოწინავე რაც შეიძლება, მაღალი ადგილი დავიკავოთ და პლეი ოფში მეტოქეებთან
მოედნის უპირატესობა გვქონდეს.