აკადემიამ პირველი წრე 7 წაგებით დაასრულა

აკადემიამ პირველი წრე 7 წაგებით დაასრულა

სტატისტიკაგალერეაპირველი წრის ბოლო, მე-7 ტურში „აკადემიის“ შემადგენლობაში
დებიუტი 2 ლეგიონერს ჰქონდა. სუპერლიგის ერთადერთ მოგების არმქონე გუნდში პირველად
ითამაშეს ამერიკელმა მორის ბრიგსმა და კანადელმა ემერსონ მიურეიმ, თუმცა გელა წულაძის
გუნდმა გამარჯვებას გემო მაინც ვერ გაუგო.

„აკადემიას“ აქამდე 2 ლეგიონერი ჰყავდა – ბელარუსი ვლადიმერ
კრისევიჩი და ამერიკელი დეანდრე მეისი. ანუ გელა წულაძის გუნდს დღესდღეობით ყველაზე
მეტი – 4 ლეგიონერი ჰყავს, თუმცა ბოლო ადგილზე იმყოფება. სავარაუდოდ, აკადემიელები
დახვეწენ თამაშს, უფრო კი შეთამაშდებიან და იმ საინტერესო ბრძოლებს შეუერთდებიან,  რომელსაც სუპერლიგის მონაწილე გუნდები გულშემატკივარს
სთავაზობენ.

„აკადემიამ“ მორიგი მატჩი „მგზავრებთან“ წააგო. არადა,
პირველ ტაიმში მიღებული 14-ქულიანი დეფიციტი ერთ – მესამე პერიოდში ერთიანად აღმოფხვრა
და დაწინაურდა კიდეც, თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა „მგზავრებმა“
ყველაფერი კარგად შეასრულეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც – 77:68.

გამარჯვებულებს რაშად რენსომმა 20 ქულით, 7 პასით და
7 მოხსნით ულიდერა. 17 ქულა და 7 პასი დააგროვა კახა ჯინჭარაძემ,  ხოლო რეჯინალდ მერფიმ „მგზავრებს“ 11 ქულა და 15
მოხსნა მიაშველა. „აკადემიაში“ ნათელი წერტილი ბელარუსი ვლადიმერ კრისევიჩი იყო 25
ქულითა და 18 მოხსნით. დებიუტანტმა მორის ბრიგსმა 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

ამ გამარჯვებით „მგზავრები“ ქულებით დაეწია „დინამოსა“
და „რუსთავს“, თუმცა ამ გუნდებს პირად შეხვედრებში განცდილი წაგებების გამო ჩამორჩება.
რაც შეეხება „აკადემიას“, გელა წულაძის გუნდი პირველი წრის შემდეგ აშკარა აუტსაიდერია. 

მეორე წრე შესვენების გარეშე, მომავალი პარასკევიდან
გაგრძელდება. გასული ტურის მსგავსად, მომავალ ტურშიც თამაშები ბათუმში, ქუთაისსა და
თბილისში გაიმართება. მთლიანობაში კი გუნდებმა 4 წრე, ანუ 28 ტური უნდა ითამაშონ, რის
შემდეგაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა პლეი ოფიდან გაგრძელდება.

მატჩისშემდგომი
კომენტარები

გელა წულაძე,
„აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი:

„სამწუხაროდ, ისევ დავმარცხდით. მესამე პერიოდში ჩამორჩენა
გავაბათილეთ და წინაც გავედით, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებამდე მაინც ვერ მივედით. ორი
ახალი ლეგიონერი კი შეგვემატა, თუმცა საქმე მხოლოდ დამატება არაა, შეთამაშებას და გუნდთან
ადაპტაციას დრო სჭირდება. იმედი მაქვს, უცხოელები მალე მოერგებიან გუნდს“.

ანატოლი ბერიშვილი,
„მგზავრების მთავარი მწვრთნელი:

„მივულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას. საკმაოდ რთული
მატჩი მოვიგეთ და ეს იმის დამსახურებაა, რომ მოთამაშეებმა კარგად შეასრულეს მიღებული
დავალებები. ბიჭები მესამე პერიოდში მოდუნებულები გავიდნენ მოედანზე, რადგან 14 ქულით
ვიგებდით და თამაში  დასრულებული ეგონათ, თუმცა
ბოლო პერიოდში ყველამ მაქსიმალური მობილიზებით იასპარეზა და დასახულ მიზნამდე მივედით.
ეს არაა ჩვენი მაქსიმუმი. გუნდში ტრავმირებულები არიან, 1 ამერიკელი ლეგიონერი ვერ
გვეხმარება, რამდენიმე კი სრული დატვირთვით ვერ იხარჯება. ნელ-ნელა გამოჯანმრთელდებიან
და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მოვუმატებთ“.