დედაქალაქში 14-წლამდელთა საუკეთესო გუნდი „აკადემიაა“. გელა წულაძის, ვასილ სომხიშვილისა და ავთო აფრიდონიძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა თბილისის პირველობის ფინალურ მატჩში კლუბი „ოვერტაიმი“ 98:74 დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ.
აკადემიელებს გამარჯვებაში დიდად დაეხმარა ქუთაისელი უკა ლიკლიკაძე, რომელიც თბილისურ გუნდში ამ სეზონის წინ გადმოვიდა და უმალ გუნდის ლიდერა იქცა. ლიკლიკაძემ 33 ქულით გამორჩეული შედეგი დააფიქსირა, რომელმაც მატჩის მესამე პერიოდში განსაკუთრებით იაქტიურა და მებრძოლი „ოვერტაიმი“ საბოლოოდ გატეხა.
საჩემპიონო ტიტულისთვის მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ოვერტაიმელები საკმაოდ კარგად ირჯებოდნენ და მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ, მაგრამ ძალები ბოლომდე არ შერჩათ. მესამე პერიოდში აკადემიელთა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და ზურა და გიორგი რაზმაძის გაწვრთნილი „ოვერტაიმი“ დიდი ბრძოლის მიუხედავად წაგებას ვერ ასცდა.
ფინალური მატჩის შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ფინალის მონაწილე ორივე გუნდი მესლებითა და სიგელებით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა – მამუკა ლომიძემ, დავით გოცირიძემ და ლევან წულაიამ დააჯილდოვეს.
ტურნირის მაყურებელთა სიმპათიის პრიზი ორმა კალათბურთელმა მიიღო – არმიელმ ნიკა კაკუბერმა და „ოვერტაიმის“ წევრმა ტრისტან ტურაშვილმა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აკადემიელი ლუკა ლიკლიკაძე დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი ლევან წულაიამ გადასცა.
ბოლო აკორდი საჩემპიონო თასის გადაცემა გახლდათ. „აკადემიის“ კაპიტან ლუკა კალატოზიშვილს თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.
მესამე ადგილისთვის მატჩში „არმიამ“ დაძაბულ ბრძოლაში – 65:61 დაამარცხა „მაკაბი“ და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.