დასრულდა „ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირი.
ლიგაში აქამდე გასულ 4 გუნდს – თსუ, კაქტუსი, გორი, არენა-76 – დღეს კიდევ 2
დაემატა და „ა“ ლიგა 6 გუნდამდე შეივსო. ბოლო 2 საგზური „წყალტუბომ“ და
„სეუ-ჰიუნდაიმ“ მოიპოვეს. ამ გუნდებმა გასულ ხუთშაბათს „ა“ ლიგაში გადასასვლელი
მატჩები წააგეს და დღეს ტურნირში მოხვედრის ბოლო შანსი გამოიყენეს.
„წყალტუბომ“ „აკადემიას“ სძლია.
შედეგად, 3 უკრაინელი ლეგიონერის მყოლმა აკადემიელებმა „ა“ ლიგის საგზური ვერ
მოიპოვეს. წყალტუბოელებმა კი დიდწილად სწორედ უკრაინელების ხარჯზე იმარჯვეს.
ალექსანდრ რიხლიუკს, რომელიც წყალტუბოელებს პირველივე მატჩიდან ეხმარება, დღეს
სერგეი ალფიოროვი შეემატა. ეს უკანასკნელი საკმაოდ კარგი გამთამაშებელი და
ბომბარდირი გამოდგა. ალფიოროვმა, რომელსაც უკრაინის სუპერლიგაშიც აქვს ნათამაშევი,
„აკადემიას“ 29 ქულა ჩაუგდო, 8 ბურთი მოუხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
რიხლიუკის ანგარიშზე კი 16 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. დამარცხებულთაგან ნიკა
ღურწკაია გამოირჩა 19 ქულა-12 მოხსნით.
„ა“ ლიგის ბოლო საგზური „სეუ-ჰიუნდაი“
მოიპოვა. ლაშა ეძგვერაძის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად სძლია მარნეულის
„ინტერს“. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდმა „ჰიუნდაიმ“ გააზრებული და
დალაგებული კალათბურთი ითამაშა. შეხვედრას თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა კაილი ფულერი,
რომელიც „სეუ-ჰიუნდაის“ ახალწვეულია და „ა“ ლიგის დაწყებისთანავე ეძგვერაძის
გუნდის სამსახურში ჩადგება.
გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი – 19
ქულა ირაკლი ალხანაიძემ მოაგროვა. მას შედეგიანობით არ ჩამორჩა დავით ქარციძე (18
ქულა, 9 მოხსნა), ირაკლი გაბისონიამ 13 ქულა მიითვალა, ხოლო ირაკლი დოლიძემ პირად
ანგარიშზე 11 ქულა ჩაიწერა. მარნეულელთაგან გარჯა ვერ დაუფასდა ბექა ჯანხოთლს.
მისი 24 ქულის მიუხედავად „მარნეულმა“ 58:94 წააგო და „ა“ ლიგის მიღმა დარჩა.
6-გუნდიანი „ა“ ლიგა სავარაუდოდ 14
მარტს დაიწყება. „ა“ ლიგის საუკეთესო 2 გუნდი სუპერლიგის ბოლო 2 ადგილზე გასულ
გუნდებს დაუპირისპირდება და სერიაში გამარჯვებულები მომავალ სეზონში სუპერლიგაში
იასპარეზებენ.
„ა“ ლიგის
შესარჩევი ტურნირი. საკალათბურთო აკადემია. 3 მარტი
წყალტუბო 68:56 აკადემია
21:10, 18:14, 18:19, 11:13
წყალტუბო: ალფიოროვი (29 ქულა,
11 მოხსნა, 4 პასი), რიხლიუკი (16 ქულა, 13 მოხსნა), არუთინოვი (8), კორკოტაძე
(8), კუჭავა (7)
აკადემია: ღურწკაია (19
ქულა, 12 მოხსნა), ვორნიკი (12 ქულა, 8 მოხსნა), სოკური (7)
მარნეული 58:94 სეუ-ჰიუნდაი
10:13, 8:26, 22:21, 18:34
მარნეული: ბ. ჯანხოთელი
(24 ქულა, 8 მოხსნა), ბ. ჯაჯანიძე (17)
სეუ-ჰიუნდაი: ალხანაიძე
(19), ქარციძე (18 ქულა, 9 მოხსნა), გაბისონია (13), ი. დოლიძე (11)