სუპერლიგის მე-13 ტური დღეს, აჭარის დედაქალაქში გამართული პრინციპული მატჩით დასრულდა. ერთმანეთსი პირისპირ წარსდგნენ ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფი მეზობლები – გასულ 12 ტურში 4-4 გამარჯვების მიმთვლელი გუნდები – “ბათუმი” და “ტიტები”. სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, ეს გუნდები სულერლიგაში დასარჩენად იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ ბოლო ადგილზე გასული პირდაპირ “ა” ლიგაში დაქვეითდება, ხოლო ბოლოსწინა – მეცხრეადგილოსანი “ა”ლიგის ფინალისტთან საკვალიფიკაციო რაუნდს ითამაშებს და წარმატების შემთხვევაში სუპერლიგაში დარჩება.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, იოლი მისახვედრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახლდათ ამ მატჩის შედეგი ორივე გუნდისთვის. დამარცხებულს საქმე გვარიანად უმრუდდებოდა, გამარჯვებული კი სუპერლიგაში დასარჩენად მოზრდილ ნაბიჯს დგამდა.
მატჩი მოიგო “ტიტებმა” და ზემოთნახსენები ბონუსიც მიიღო. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდი უფრო მობილიზებული, მეტად კონცენტრირებული გამოიყურებოდა და შეხვედრაც ფაქტობრივად ჩავარდნის გარეშე ჩაატარა. პირველი პერიოდის 21:18 მოგების შემდეგ თბილისურმა კლუბმა მეტოქეს მთავარი დარტყმა მიაყენა და გუნდური თამაშის წყალობით მეორე ათწუთეული 26:18 მოიგო.
დიდ შესვენებაზე “ტიტები” 11-ქულიანი ლიდერობით გავიდა, რაც დამშვიდების საშუალებას არ იძლეოდა, თუმცა გამყრელიძის გუნდმა სტაბილური თამაში მეორე ნახევარშიც განაგრძო და შეხვედრა ისე ჩაამთავრა, ზედმეტი გართულება არ შეხვედრია.
“ტიტებმა” საბოლოოდ 10 ქულით იმარჯვა და მე-7 ადგილზე გამაგრდა. გამარჯვებულებს გიორგი შარაბიძემ ულიდერა, რომელმაც 19 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ორმაგი დუბლით გამოირჩა კაშიმ რენსომიც – 19 ქულა, 10 პასი. ჟოელ ალმეიდამ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. ლუკ მეიერმა 14 ქულა მოაგროვა, ილია ლონდარიძემ – 13. ბათუმელთაგან 20 ქულით, 8 მოხსნით და 8 პასით საუკეთესო იყო კეისი შეპარდი. 24 ქულა სპენსერ კოლინსის ანგარიშზეა.
“ბათუმს”, ისევე როგორც “კაკტუსს”, 13 ტურის შემდეგ 4 გამარჯვება აქვს და ცხრილში მასთან 8-9 ადგილებს იყოფს.
სუპერლიგის მე-14 ტურის მატჩები 20, 22 და 23 მარტს გაიმართება.