3X3 საქართველოს ჩემპიონატის უპრეცედენტო თბილისის ტური Y.O.L.O-ს გამარჯვებით დასრულდა

3X3 საქართველოს ჩემპიონატის უპრეცედენტო თბილისის ტური Y.O.L.O-ს გამარჯვებით დასრულდა

გალერეა 2 ივლისს, თბილისის თავზე, ყველაზე მაღალ ადგილზე ბრენდირებული
დროშა აფრიალდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ 3X3 კალათბურთის უპრეცედენტო ტურნირის
თბილისური ტურის გადამწყვეტი მატჩები დაიწყო.  ეს გახლდათ უპრეცედენტო ტურნირი, რადგან ამ სიმაღლეზე
მსოფლიოს მასშტაბით საკალათბურთო შეჯიბრება არ ჩატარებულა.

3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა
შთამბეჭდავად აიღო სტარტი. თბილისურ ტურს 1-2 ივლისს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის
გუმბათოვანმა სახურავმა უმასპინძლა. სეუ-ს სახურავზე, დაუხურავი რკინის გუმბათის კონსტრუქციის
ქვეშ დედაქალაქის საუკეთესო მოთამაშეები შეიკრიბნენ და ბოლო დროის ერთ-ერთი საინტერესო
ტურნირი გამართეს.

ტურნირის ჯგუფური მატჩების უმეტესობა 1 ივნისს ჩატარდა,
ხოლო 2-ში ძირითადი აქცენტი პლეი ოფებზე იყო გადატანილი და სწორედ ამ დროს აფრიალდა
სეუ-ს სვეტზე 3X3 კალათბურთის საქართველოს ტურის დროშა. სეუ-ს შენობა, თავისი სვეტის
ჩათვლით, თბილისის ყველაზე მაღალი წერტილია და მის კენწეროზე გივი მაღრაძე, მრავალმხრივი
ნიჭისა და საოცარი შესაძლებლობების პარკურისტი ყოველგვარი დაცვითი საშუალებების გარეშე
აცოცდა.

თბილისური ტურში სულ 42 გუნდი დარეგისტრირდა, საიდანაც
საბოლოოდ მონაწილეობა 34  გუნდმა მიიღო. პლეი
ოფში 8 საუკეთესო გადავიდა. ძალიან საინტერესოდ წარიმართა პლეი ოფის მატჩები. ფინალში
გასასვლელი ბრძოლა გაიმართა and1-სა და „სოხუმს“ შორის. შეხვედრა ლაშა ეძგვერაძის,
აკაკი ლომოურის, ილია ლონდარიძის და ბექა შველიძის and1-მა იოლად მოიგო და ფინალში
Y.O.L.O-ს დაუპირისპირდა. ამ გუნდის ღირსებას გივი ბაქრაძე, ზუკა მაჩალაძე, გიორგი
ვახანია და ლევან სულაბერიძე იცავდნენ.

დრამატული ფინალური მატჩი ფრედ – 13:13 დასრულდა. შეხვედრა
ოვერტაიმში გადავიდა და დაახლოებით 1 წუთს გაგრძელდა. წესების თანახმად, დამატებით
დროში თამაში 2 ქულამდეა და მოგებისკენ პირველი ნაბიჯი and1-მა გადადგა, როცა ლონდარიძემ
გარღვევა წარმატებით დააგვირგვინა. Y.O.L.O-მ მეტოქეს შორი სროლით უპასუხა და როცა
გიორგი ვახანიას 2-ქულიანი კალათში ჩაეშვა, ფინალური შეხვედრა დასრულდა.

მეორე ადგილის მფლობელებს მედლები და სიგელები სეუ-ს
რექტორმა გია კავთელიშვილმა გადასცა, თბილისის ტურის გამარჯვებული Y.O.L.O-ს მოთამაშეები
კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ დააჯილდოვა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ გივი ბაქრაძემ სპეციალური პრიზი კალათბურთის
ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნისგან, გიორგი ქართველიშვილისგან ჩაიბარა. ჩემპიონი
გუნდის კაპიტან ზუკა მაჩალაძეს საჩემპიონო თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა
მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა.

თბილისური ტურის 8 საუკეთესო გუნდი ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
ფინალური ტურნირი 18 ივლისს, „თბილისი მოლში“ გაიმართება, მანამდე კი შესარჩევი ტურები
გორში, თელავში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბორჯომსა და რუსთავში ჩატარდება.

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მხარდამჭერია
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, პარტნიორი ტურისტული კომპანია „თრეველინი“,
ხოლო ფინალური ტურნირის ოფიციალური მასპინძელი „თბილისი მოლი“.

3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის  მომდევნო ტური 6 ივლისს, გორში გაიმართება.

მიხეილ გაბრიჩიძე(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):
საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო მეორე ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში. შარშანდელმა
ჩემპიონატმა ცხადყო, რომ კალათბურთის ეს სახეობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
სხვანაირად არც შეიძლება, რადგან ძალიან დინამიური და აზარტული თამაშია და სრულიად
ერგება ქართულ ხასიათს. რაც შეეხება ჩემპიონატის დასაწყის, არაჩვეულებრივ ლოკაციას
და არაორდინალურ სივრცეს, ეს არის ჩვენი, შეიძლება ითქვას, გამოწვევა შენობების მფლობელებისთვის
და მუნიციპალიტეტებისთვის, რათა დატვირთონ ასეთი სივრცეები მსგავსი ღონისძიებებით და
ხელი შეუწყონ სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.

თორნიკე მდივნიშვილი
(კომპანია „თრეველინის“ წარმომადგენელი):  მოხარული ვარ, რომ ჩვენ კომპანიას მიეცა საშუალება
კიდევ ერთხელ ეთანამშრომლა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან, ტურნირი შესანისნავადაა
ორგანიზებული, ლოკაციის ადგილი არაჩვეულებრივი და არაორდინალურია, აქედან  ძალიან კარგად ჩანს თბილისის ხედები და ამ სიმაღლეზე
განწყობაც განსაკუთრებულად ამაღლებულია. სასიამოვნოა, რომ ასეთი მაღალი დონის საკალათბურთო
ტურნირები ტარდება ფედერაციის ორგანიზებით და ჩვენ მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც
სიხარულით დავუჭერთ მხარს.

გივი ბაქრაძე (გუნდ Y.O.L.O-ს მოთამაშე, ტურნირის MVP):
ქართული კალათბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტურნირების ჩატარება. საკმაოდ
მაღალი დონის ტურნირია, სუპერლიგის თითქმის ყველა წამყვანი და ლიდერი მოთამაშე მონაწილეობდა
და მათთან ერთად ბევრმა ახალგაზრდამაც მიიღო მონაწილეობა, რაც, ჩემი აზრით, მათთვის
ძალიან დიდი სტიმულია. რაც შეეხება გამარჯვებას, მიხარია, რომ წარმატებას მივაღწიეთ
და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. პროგრამა მაქსიმუმი ამ ეტაპზე შევასრულეთ,
გადამყვეტი ბრძოლა კი 18 ივლისს იქნება.  დღევანდელი
მოგება ბევრს არაფერს წყვეტდა, უბრალოდ, სპორტული ჟინი გვქონდა, აქ წაგება არავის უნდა.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ალექს აფციაური