3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი ლისის ტბიდან თბილისის შესარჩევი ტურით დაიწყო

3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი ლისის ტბიდან თბილისის შესარჩევი ტურით დაიწყო

გალერეასაქართველოს ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში თბილისის შესარჩევი ტურით, ლისის ტბაზე
გაიხსნა. ღონისძიების მხარდაჭერი გახლდათ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის პირდაპირ
ეთერში ტურნირის მიმდინარეობისას არაერთი ჩართვა განხორციელდა, ხოლო ფეისბუქის გვერდით
თამაშების ლაივ-რეპორტაჟი მიმდინარეობდა.

ლისის ტბაზე ამოვიდნენ, ტურნირის მსვლელობას დაესწრნენ
და სატელევიზიო ჩართვებში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა
და კანიდატებმა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და სხვადასხვა დეპარტამენტების
ხელმძღვანელებმა. ნაკრების კალათბურთლებმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე საზოგადოებრივი
მაუწყებლის სხვადასხვა ტელე თუ რადიო გადაცემებში მიიღეს მონაწილეობა, რომელთა სტუდიებიც
ლისის ტბის მიმებარე ტერიტორიაზე, საველე პირობებში იყო მოწყობილი.

ტურნირი “Cheerleader”-ების ცეკვით გაიხსნა. თბილისის ტურიდან საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე
8 საუკეთესო გუნდი გადიოდა და შესაბამისად, აქტივობაც დიდი იყო. შეჯიბრში მთლიანობაში
30-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 10 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. პლეი ოფისთვის
16 საუკეთესო შეირჩა, რომლებმაც ბრძოლა მეთექვსმეტედფინალიდან გააგრძელეს.

თბილისის ტურში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მხოლოდ
3×3 კალათბურთის მოთამაშეები, ისე სუპერლიგის მონაწილეებიც. გამარჯვება სწორედ სუპერლიგელებით
გალიერებულ გუნდ „Old school”-ს დარჩა, რომლის შემადგენლობაშიც „ქუთაისის“ წევრი გიორგი
ბარბაქაძე და მისი უფროსი ძმა – „სოხუმის“ ფორვარდი დავითი გამოდიოდნენ.

ბარბაქაძეებთან ერთად თბილისის ტურის გამარჯვებული გუნდის
– „Old school”-ის ღირსებას იცავდნენ „ა“ ლიგის მოთამაშეები – რიჩარდ მათიაშვილი და
რომან ტუკვაძე. მომავალმა გამარჯვებულებმა ფინალისკენ გზა ბრძოლაში გაიკვლიეს – პლეი
ოფი პირველ წრეში L.R.G. 20:16 დაამარცხეს, შემდეგ „ბებერ არწივს“ 19:13 სძლიეს, ხოლო
ნახევარფინალში „არიქას“ გამარჯვება ბოლო წუთზე გამოგლიჯეს – 13:10. ფინალამდე აკრობატებმა ბატუტ-შოუ გამართეს, რომლის შემდეგაც პარაკალათბურთელების საჩვენებელი მატჩი მოეწყო. პარაკალათბურთელებთან ერთად თამაშში 3×3-ზე კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გრიგოლ გურგენიძეც ჩაერთო.

ფინალში „Old school”-ს შეხვდა Jeo Group-ი – გუგა პატარაიას,
ვახტანგ ჩქარეულის, ლევან ტუხაშვილისა და ირაკლი ქილიფთარის შემადგენლობით. ფინალმა
მოლოდინი ვერ გაამართლა. ის დაძაბულობა, რომელიც მთელი პლეი ოფის განმავლობაში იგრძნობოდა,
ფინალში მაყურებელმა ვერ იხილა. „Old school”-მა 9 ქულის სხვაობით – 21:12 სძლია Jeo
Group-ს და თბილისის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალში დამარცხებული Jeo Group-ი და თბილისის
ტურის ჩემპიონი Old School-ი
სპორტისა და ახალგარდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და კალათბურთის ეროვნული
ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ
გიორგი ბარბაქაძე დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი
(სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა მინისტრი): პირველ რიგში
მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთა სპორტის
მოყვარულებს, გულშემატკივრებს და თვითონ სპორტსმენებს. რა თქმა უნდა,ასეთი ტურნირები
ხელს უწყობს სპორტის პოპულარიზაციას. უნდა აღინიშნოს, რომ  ყველაზე ხალხმრავალი დღეს  საკალათბურთო მოედანი იყო. 3X3 კალათბურთი ერთ-ერთი
ყველაზე პოპულარული სახეობაა,  მზარდია და ამას
ხელს უწყობს ისიც, რომ ის უკვე ოლიმპიური სახეობა გახდა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ როგორც
5X5,  ისე 3X3
ზე კალათბურთიც წარმატებული გახდება და ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას.  ფედერაციის ხელმძღვანელობასთან  და ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად სახელმწიფო ბუნებრივია
ყველა ღონეს მიმართავს, რათა სათანადოდ მოვამაზდოთ ჩვენი ნაკრები და შევძლოთ ამ სანუკვარი
ოცნების ასრულება.3X3 ტურნირები ხელს უწყობს კალათბურთის უფრო მეტ პოპულარიზაციას და მადლობა
ამისთვის ფედერაციას.

მიხეილ გაბრიჩიძე
(კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):  დიდი საკალათბურთო ზეიმი გამოვიდა. მონაწილე გუნდები
დღეს მრავლად იყვნენ და ტურნირმა საინტერესოდ ჩაიარა. 3X3 კალათბურთი
სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში. 3X3 კალათბურთი  უკვე  ოლიმპიური
სახეობა გახდა და კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა როგორც ფედერაციის, ისე სახელმწიფოს
მხრიდან. მადლობას გადავუხდი სპორტისა და ახლგაზრდობის სამინისტროს მხარადაჭერისთვის
და რა თქმა უნდა, მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც ეს დღე გაგვილამაზა.

გიორგი ბარბაქაძე
(საუკეთესო მოთამაშე, MVP): ძალიან კმაყოფილი
და ბედნიერი ვარ. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ემზადებოდა ამ ტურნირისთვის და მოხარული
ვარ რომ გავიმარჯვეთ. ველოდებით რეგიონებიდან გამოვლენილ საუკეთესო გუნდებს და საქართველოს
ჩემპიონატის ფინალს, რომელიც 22 ივლისსა დაგეგმილი. რაც შეეხება 3X3 
კალათბურთს, ძალიან მნიშვნელოვანი  და სასიხარულოა ფაქტია რომ ოლიმპიური სახეობა გახდა.
საქართველოში სპორტის ამ სახეობას უკვე გარკვეულიტრადიციები გააჩნია
და მისი პოპულარობაც სულ უფრო მატულობს. ეს არის დიდი სტიმული როგორც  სპორტსმენებისთვისაც, ისე მოყვარულებისთვის. 3X3 კალათბურთში ყველაზე
მნიშვნელოვანია რომ ყველა მოყვარულს და გულშემატკივარს აქვს ასპარეზობაში ჩართვის შანსი,
პროფესიონალ კალათბურთელებთან ერთად თამაში და უკვე ოლიმპიადაზე მოხვედრაც კი.          

თბილისის ტურიდან ფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო გუნდი
გავიდა. ესენი არიან: Old school, Jeo Group, JI&JI, Splash, Team Z, Cheese,
Old Eagle, არიქა. მომდევნო შესარჩევი ტურნირი 12 ივლისს, ყვარელში გაიმართება,
რომელსაც მოყვება ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის ტურები. 

ფინალური ეტაპი, რომელშიც შესარჩევი ტურნირებიდან გამოსული
12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, 22 ივლისს, „თბილისი მოლში“ გაიმართება.

ფოტოები: დათო შალიკაშვილი