საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე
ასპარეზობა 1 მოგებით დაასრულა. ვახტანგ გაფრინდაშვილის, ოთარ პერტაიას,
ზურაბ ჟღენტისა და ლადო ალავიძის შემადგენლობით ჩინეთში მყოფმა ჩვენმა
გუნდმა ჯგუფში მხოლოდ ყატარს მოუგო და პლეი ოფში ვერ გავიდა.
არადა, ყატარი შარშანდელი, ყაზახეთში
ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. შარშან ქართველებმა
მოახერხეს ჯგუფიდან გასვლა და მსოფლიოს საუკეთესო 8 გუნდს შორის დაიკავეს
საპატიო ადგილი. ამ შედეგის მისაღწევად წლეულს ქართველებს ძალები არ ეყოთ.
დიდი მნიშვნელობა იქონია პირველივე
მატჩში განცდილმა დასანანმა მარცხმა. ქართველები ღირსეულად ებრძოლნენ ახალ
ზელანდიას, რომელთანაც შეხვედრა ოვერტაიმში – 20:22 დათმეს. ამან
ქართველებზე ფსიქოლოგიურად უარყოფითი გავლენა იქონია, ხოლო
ახალზელანდიელებმა შემდეგ კიდევ 2 მატჩი მოიგეს და ჯგუფის გამოკვეთილ ლიდერ
უკრაინასთან ერთად მოახერხეს პლეი ოფში გასვლა.
დღეს საქართველოს ნაკრებმა 2 მატჩი
ჩაატარა და პირველ შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონ ყატარელებს
აჯობა. ძირითადი დრო 17:17 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში ყველაფერი ლადო
ალავიძის ზუსტმა ორქულიანმა გადაწყვიტა – 19:17 ქართველების პირველი
გამარჯვება მსოფლიოს 2017 წლის თასზე.
მიუხედავად ამ მოგებისა, საქართველოს
ჯგუფიდან გასვლის შანსი გადაწურული ჰქონდა. უკრაინამ და ახალმა ზელანდიამ
3-3 მოგება გაიფორმეს და ჯგუფის დანარჩენი 3 წევრისთვის – საქართველოსთვის,
ყატარისა და ბაჰრეინისთვის მიუწვდომელნი გახდნენ.
ჯგუფისა და შესაბამისად ტურნირის ბოლო
შეხვედრაში საქართველომ ტურნირზე მე-2 ნომრად გაანთესილ და დაუმარცხებელ
უკრაინასთან 6:21 წაააგო. მსოფლიოს თასზე პლეი ოფის მატჩები 2 ივლისს
გაიმართება. მეოთხედფინლში გავიდნენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას
აგრძელებენ: ჰოლანდია, ფილიპინები, უკრაინა, ახალი ზელანდია, ბელგია, და
რუმინეთი. ჯერ არ დასრულებულა C ჯგუფის თამაშები, სადაც ჩინეთი და უნგრეთი
ლიდერობენ და სავარაუდოდ გავლენ კიდეც პლეი ოფში, თუმცა აღსანიშნავია
სლოვენიელთა შანსიც.