სუპერლიგის მორიგი მატჩი თსუ-სა და “ქუთაისს” შორის გაიმართა და მოლოდინიც სრულად გაამართლა – ეს იყო დაძაბული შევედრა, რომელსაც ტრადიციულად არც ამჯერად აკლდა ემოციები, თუმცა ბოლო წუთებში ბრძოლა შეწყდა. გამარჯვება “ქუთაისს” დარჩა, რომელმაც საკვანძო მომენტებში უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ბოლო პერიოდში მეტოქე გატეხა და
83:68 (სტატისტიკა) იმარჯვა. კოტე ტუღუშის გუნდმა ზედიზედ 3 წაგების შემდეგ მოგების გემო გაიხსენა.
ლექსო ლაფანაშვილმა დამწყები ხუთეული გადაახალისა. სასტარტოში თამაში სათადარიგო კალათბურთელებმა – ლორთქიფანიძემ, პულუზაშვილმა და რევაზაშვილმა დაიწყეს. მოედანზე იყო ძირითადი ხუთეულის ორი წევრი – ლობჟანიძე და ჭოჭუა. ჩანაფიქრმა გაამართლა, უნივერსიტეტელებმა პირველი მეოთხედი 24:22 მოიგეს. პულუზაშვილი 6 ქულით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქუთაისელთა ცენტრ აკაკი დვალიშვილს მან სამწამიანში რამდენჯერმე აჯობა.
პირველი პერიოდის მეორე ნახევრიდან, მოედანზე ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები ეტაპობრივად დაბრუნდნენ, თუმცა ამის მიუხედავად “ქუთაისმა” წინ გაჭრა და ტაიმის მოგება მაინც მოახერხა – 40:38. მესამე პერიოდი ქულა-ქულაში წარიმართა. თსუ-ელები “ქუთაისს” გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ. ამჯერადაც, გამორჩეული იყო მძიმე ფორვარდი ქუენტინ დავი, რომელიც თავის პოზიციაზე, სუპერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. შედეგიანი ათწუთეული ჩაატარა ნაკრებიდან მობრუნებულმა საბა ლობჯანიძემ. 58:56 – ასე მოიგო “ქუთაისმა” ათწუთეული.
ბოლო პერიოდი ბრაის სმიტის ჩატენვით დაიწყო – მაიზერ რევაზაშვილმა მეტოქს ფარზე ურთულესი ბურთი მოხსნა და თანაგუნდელი ფართან მარტო დატოვა. ქუთაისელებმა ეტაპობრივად სხვაობის გაზრდა დაიწყეს, რასაც ბრენდონ სლაის ელემენტარული შეცდომა მოჰყვა – თსუ-ს გამთამაშებელი ბურთის შემოტანისას შეცდა. ლექსო ლაფანაშვილმა ის ლუკა ზაქრაძით შეცვალა და მოედანზე აღარც დაუბრუნებია.
შეხვედრის ბოლო წუთებმა აზრი დაკარგა, რადგან ქუთაისელები დამაჯერებლად იგებდნენ და უნივერსიტეტელებს, მათი თამაშის მანერიდან გამომდინარე, თამაშის შემობრუნების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
გამარჯვებულთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო კაჰიმ რენსომი. აკაკი დვალიშვილმა 14 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ილია ლონდარიძის ანგარიშზე 17 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ში 20 ქულით საუკეთესო იყო ქუენტინ დავი. საბა ლობჯანიძის ანგარიშზე 14 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.