დასრულდა საკალათბურთო სუპერლიგის 23-ე ტური. დღის ბოლო, მეოთხე მატჩში ერთმანეთს “ოლიმპი” და “დინამო თბილისი” შეხვდნენ. მატჩის უდიდესი ნაწილი დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მოქმედმა ჩემპიონმა მოიგო კიდეც, თუმცა ბოლო პერიოდში “ოლიმპმა” ვითარება დაძაბა და ცოტაც რომ გამართლებოდა, გაიმარჯვებდა.
“დინამომ” ლიდერობა თავიდანვე რომ მოიპოვა, მთელი თამაში იგებდა – ხან 22 ქულით, ხან – 16-ით და ხანაც 13-ით, თუმც ბოლო პერიოდამდე სხვაობა 10 ქულას არ ჩამოსცდენია. ოლიმპელთა შეუპოვრობამ და გამარჯვებისკენ სწრაფვამ შეხვედრას დასკვნით წუთებში ამ თითქოსდა უინტერესო მატჩს ინტრიგა შესძინა.
დასრულებამდე 7 წუთით ადრე “ოლიმპმა” ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა და დინამოელთა მწვრთნელს წუთშესვენების აღება და თამაშის გადასარჩენად გვარიანი ბრძოლა მოუხდა. დინამოელებმა გადამწყვეტ წუთებში აღარ დაუშვეს შეცდომები, მეტოქის პრესინგს ადეკვატური ტაქტიკა დაუპირისპირეს და გამარჯვებამდეც გართულებების გარეშე მივიდნენ – 87:78 საბოლოო ანგარიში.
დინამოელებს 21 ქულით ნოდარ გოგოძემ ულიდერა. 18 ქულა მიითვალა ლაველ ბოიდმა, ალეკსანდერ მიტროვიჩის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. “ოლიმპში” 21 ქულით მორის ჰილი გამოირჩა. 19 ქულა რეზო როგავას ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილმა შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.
სუპერლიგის მომდევნო ტური 17 მარტს გაიმართება. დღევანდელის მსგავსად, ოთხივე მატჩის მასპინძელი თბილისის ოლიმპიური სასახლე იქნება.
ოლიმპი – დინამო
სტატისტიკა: 78:87