2001-წლიანთა ფესტივალის გამარჯვებული “რუსთავი” გახდა. “აკადემიას” მესამე ადგილი ერგო

„რუსთავი“ ჩემპიონია. ბადრი კიკვიძისა და ირაკლი ჯაფარიძის გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა 2001 წელს დაბადებულთა ფესტივალი მოიგო.

 რუსთაველებმა ფინალურ მატჩში გამარჯვება „ჰიუნდაისთან“ დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვეს. ფინალური მატჩი თანაბრად და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომელიც საბოლოოდ რუსთაველების გამარჯვებით, ანგარიშით 32:29 დასრულდა.
მატჩის ბოლო წამებზე ჰიუნდაელთა საუკეთესო მოთამაშე ბადრი ფეიქრიშვილმა სამქულიანი ესროლა, რომელსაც თამაშის დამატებით დროში გადაყვანა შეეძლო, მაგრამ მისი ნატყორცნი რუსთაველთა კალათში არ ჩაეშვა.
რუსთაველთაგან გამოსარჩევია გიორგი ტაბაღუა, რომელმაც საბოლოოდ 16 ქულა დააგროვა, თუმცა იგი არანაკლებ სარგებლიანი იყო ბურთის გათამაშებაში. ტაბაღუამ გადამწყვეტ მომენტში ბურთზე კონტროლი იკისრა და ამას მშვენივრად გაართვა თავი. შეხვედრის ბედი სწორედ მისმა გააზრებულმა თამაშმა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ჰიუნდაელთაგან ქულები მხოლოდ ორმა კალათბურთელმა ჩააგდო. 17 ქულა ფეიქრიშვილის ანგარიშზეა, ხოლო 12 ნიკა ნიკოლაიშვილმა მოაგროვა.
შესანიშნავად ითამაშეს რუსთაველმა ლევან პერტაიამ, ზაზა ნოზაძემ და ზემოთ ნახსენებმა ჰიუნდაელმა ფეიქრიშვილმა. ორივე გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას, თუმცა საბოლოოდ იმ გუნდს გაუმართლა, რომელიც მეტად მობილიზებული და გასამარჯვებლად შემართული იყო. მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი.
ტრადიციულად დაჯილდოვდა ფინალის მონაწილე გუნდების 2-2 საუკეთესო მოთამაშე, რომლებიც ცნობილმა საკალათბურთო მწვრთნელმა ზურაბ ტომარაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურებით დააჯილდოვა.
მესამე ადგილის მფლობელები აკადემიელები გახდნენ. ვასილ სომხიშვილის გუნდმა მესამე ადგილისთვის მატჩში „ორბი“ დაამარცხა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ „აკადემიამ“ 1 ქულის სხვაობით – 31:30 გაიმარჯვა. ვინ იყო გამარჯვების მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იოლია. აკადემიელმა მიშა ზურაბაშვილმა 28 ქულა ჩააგდო და მხოლოდ 3 ქულა იყო დანარჩენ მის თანაგუნდელების ანგარიშზე.

2001 წელს დაბადებულთა ფესტივალი მინი კალათბურთში. 
ფინალი
ჰიუნდაი – რუსთავი 29:32
7:11, 7:2, 4:9, 11:10
ჰიუნდაი: ფეიქრიშვილი 17, ქავთარაძე 12
რუსთავი: ტაბაღუა 16, ნოზაძე 6, ესებუა 1, გოგაშვილი 2, მუსაევი 2, პერტაია 4, დოხნაძე 1, ხევიაშვილი, დარჩიაშვილი, უგულავა, კობახიძე, მეტრეველი
მე-3 ადგილისთვის
ორბი – აკადემია 30:31
2:7, 12:1, 6:9, 10:14
ორბი: გორგაძე 13, ნიკოლაიშვილი 8
აკადემია: ზურაბაშვილი 28, წერეთელი 2, ნუცუბიძე 1