2000-წლიანთა მინი კალათბურთის ფესტივალი “აკადემიამ” მოიგო

საკალათბურთო ფესტივალი 12-წლამდელთა შორის „აკადემიამ“ მოიგო. გელა წულაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ფინალურ მატჩში მამუკა აბრამიძის „დინამო“ დაამარცხეს.

 ამ გუნდებს შორის ჯგუფში გმართული მატჩისგან განსხვავებით, ფინალური სეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

„აკადემია“ და „დინამო“ ამ ტურნირზე პირველად ჯგუფში, 5 ივნისს შეხვდნენ და მაშინ წულაძის გუნდმა დინამოელები 52:34 გაანადგურა. დღევანდელი შეხვედრა კი სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა. დინამოელებმა საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს „აკადემიას“ და პირველი მეოთხედი მოიგეს კიდეც – 9:4.
მეორე 8-წუთეულიდან აკადემიელები ამოქმედდნენ, რაც მოედანზე მათი ლიდერის გამოჩენას მოჰყვა. მიშა ზურაბაშვილი 2001 წელსაა დაბადებული და ამ ტურნირზე 1 წლით უფროსების წინააღმდეგ თამაშობდა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ყოფილიყო. მისმა შედეგიანმა გარღვევებმა მანამდე დაცვაში ზუსტად მოთამაშე დინამოელებს გეგმები აურია და „აკადემიამ“ უკვე დიდი შესვენებისთვის მოახერხა დაწინაურება – 16:15.
მეორე ტაიმიდან კი აკადემიელებმა ყველაფერი საკუთარ კალაპოტში ჩააყენეს. ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს და უპირატესობას მატჩის ბოლომდე დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ. „დინამო“ ცდილობდა სცენარის შეცვლას, მაგრამ საქმეს ვერც შორმა სროლებმა უშველა და ვერც აკადემიელთა ფარის სამწამიანიდან იერიშის მიტანამ.
ფინალსი მოთამაშე გუნდების 2-2 გამორჩეული მოთამაშე კალათბურთის ფედერაციისგან ეროვნული ნაკრების მაისურებით დაჯილდოვდა. აკადემიელთა მხრიდან  მიხეილ ზურაბაშვილმა და კახა ჟღენტმა, ხოლო დინამოელთაგან ილია ისრაელიანმა და ცოტნე ცარციძემ მაისურები ცნობილი ვეტერანი კალათბურთელებისგან – ანტონ კაზანჯიანისა და გივი ბიჭიაშვილისგან ჩაიბარეს. გამარჯვებულთა კაპიტან ზურაბაშვილს თასი სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ გადასცა.
მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს „რუსთავი“ და „ორბი“ შეხვდნენ. მატჩი „ორბის“ უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი ამ გუნდის გამარჯვებით – 13:7 დასრულდა. რუსთაველებმა გარდატეხა მეორე პერიოდში მოახერხეს. აღნიშნული 8-წუთეული ქვენოქართლელებმა 17:4 მოიგეს, რის შემდეგაც ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.
საბოლოოდ „რუსთავმა“ მატჩი 41:33 მოიგო და მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ფედერაციის მიერ დაწესებული ეროვნული ნაკრების მაისურები მესამე ადგილისთვის მატჩის მონაწილე ორივე გუნდის ორ-ორ საუკეთესო მოთამაშესაც გადაეცა.

2000 წელს დაბადებულთა მინისაკალათბურთო ფესტივალი. 9 ივნისი

ფინალი
დინამო – აკადემია 34:44
9:4, 6:12, 6:18, 13:11
დინამო: ცარციძე 11, ისრაელიანი 8, თორთლაძე 4
აკადემია: ზურაბაშვილი 14, ჟღენტი 10, კვაჭანტირაძე 5, გეგუჩაძე 5, ანთელიძე 4, ხაზალია 4, ადუაშვილი 2, კაზანჯიანი, ლეშკაშელი, სარიშვილი, დარჩიაშვილი
 
მე-3 ადგილისთვის
ორბი 1 – რუსთავი 33:41
13:7, 4:17, 12:7, 4:10
ორბი: ნიკოლაიშვილი 12, ჭოლაძე 8
რუსთავი: არაბული 19, კვახაძე 5