საქართველოს 14 -წლამდელთა ნაკრები უკრაინის ქალაქ დონეცკში, ალექსანდრე შვედჩენკოს მემორიალურ ტურნირზე იმყოფება, სადაც 2 მატჩი უკვე მოიგო, წინ კიდევ 3 შეხვედრა ელის.
14-წლამდელთა ნაკრები წლეულს შეიკრიბა. ეს ის ასაკია, რომლის წარმომადგენლებმაც 2015 წელს, საქართველოს ღირსება თბილისში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე უნდა დაიცვან. ჩვენი კალათბურთელების უკეთესად მომზადების და მეთვალყურეობის მიზნით 1999 წელში დაბადებული მოზარდების მონიტორინგი ადრიანად დაიწყო, რათა 2015 წელს ოლიმპიადაზე ოპტიმალური შემადგენლობითა და კარგად შეთამაშებული გუნდით წარვსდგეთ. 14-წლამდელთა ნაკრები საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში, პლეი ოფში ვერგასულ გუნდებს დაემატა და სათამაშო გამოცდილებას იღებს. ამჟამად კი ნაკრები დონეცკში იმყოფება, სადაც მის მთავარ მწვრთნელ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს დავუკავშირდით და მიმდინარე ამბები გამოვკითხეთ…
– ალექსანდრე შვედჩენკოს მემორიალური ტურნირი ტრადიციულია და მასში საკმაოდ ძლიერი რუსული, უკრაინული და ბელარუსული გუნდები და ნაკრებები გამოდიან. პირველ მატჩში სწორედ ბელარუსის ნაკრებს შევხვდით და 81:62 დავამარცხეთ. მეორე მატჩი დღეს გავმართეთ და კვლავ გავიმარჯვეთ. ამჯერად რუსულ გუნდ „ზვინიგოროდს“ 67:51 ვაჯობეთ.
– რამდენად კმაყოფილი ხართ ჩვენი მოთამაეებით?
– შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ სამუშაო ბევრია. როგორც გუნდს, ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი. ცალკეული მოთამაშეების კმაყოფილი ვარ, ზოგმა კი იმედები ვერ გაამართლა. საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი აკადემიელმა ალექსანდრე მამუკელაშვილმა, „კარდინალების“ წევრმა ნიკა ყირიმელმა და „ჰიუნდაის“ გამთამაშებელმა ალექსანდრე კაკუბერმა. მეტს ველოდი გოგა ბითაძის, ზაურ ჯანელიძისა და ბერდია ქავთარაძისგან, მაგრამ ისინი ჯერ ვერ გამოირჩევიან. იმედი მაქვს, დროდადრო, სათამაშო პრაქტიკის მიღების შემდეგ გუნდის ყველა წევრი თავის მაქსიმუმს გამოავლენს.
– რამდენი თამაში დაგრჩათ და საქართველოში როდის ბრუნდებით?
– ხვალ რუსეთის შრომითი რეზერვების გუნდს ვხვდებით, შემდეგ უკრაინის ნაკრებს, ბოლოს კი უკრაინულსავე „ყირიმს“. ჩვენი გუნდი ამ ტურნირში დიდ გამოცდილებას მიიღებს და საქართველოში დაბრუნებულები გაცილებით შედეგიანად ვითამაშებთ 16-წლამდელთა ჩემპიონატში. ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი პერსპექტიული ბავშვის მოძიება, მათი გამოცდა და საჭიროების შემთხვევაში ნაკრებში აყვანაა.