საკალათბურთო გუნდი “რუსთავი” სუპერლიგის ფინალშია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი ქვემოქართლური გუნდი საქართველოს მთავარი საკალათბურთო ტიტულისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე 2 დღეში, 19 მაისს, “ცხუმ-აფხაზეთსა” და “დინამოს” გადამწყვეტი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ გამოვლინდება.
რუსთავი, რომელიც საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია, ფინალში ბოლოს 11 წლის წინ იყო. 2009-2010 წლების სეზონში ქვემოქართლელებმა ფინალში თსუ დაამარცხეს, რის შემდეგაც ტიტულის მოგების შანსი არ მისცემიათ. რუსთაველებმა ფინალში გასვლა ბრწყინვალედ ჩატარებული წლევანდელი რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი ოფის საწყისი რაუნდების შემდეგ მოახერხეს. არც მეოთხედფინალში და არც ნახევარფინალში ქვემოქართლელებს წაგების გემო არ განუცდიათ – თსუ-ს და ახლა “კაკტუსს” სერიები 2:0 მოუგეს.
დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მეორე ნახევარფინალური მატჩი რუსთაველთა 13-ქულიანი, თუმცა დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა – 91:78 (სტატისტიკა). არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ პირველი მატჩის მსგავსად გამარჯვების რეალური შანსი არ ჰქონიათ. ეს რუსთაველთა მობილიზებული და ზუსტი თამაშის დამსახურება გახლდათ. ქვემოქართლელთა მაღალი ოსტატობის ამერიკელი ლეგიონერები ჯერჯერობით ყველაზე სახიფათონი და შეუჩერებლები არიან სუპერლიგაში და შედეგიც სახეზეა – “რუსთავმა” ფინალის საგზური ზედმეტი გართულებების გარეშე მოიპოვა.
როცა კაკტუსელები მოინდომებდნენ და გაქცევას მოაწყობდნენ, რუსთაველთა პასუხი ზუსტი შორი სროლები, ანაც სწრაფი გარღვევები იყო. პირველი ნახევარი მეტნაკლებად თანაბარი გამოდგა, რომლის განმავლობაშიც რამდენჯერმე კაკტუსელებიც დაწინაურდნენ. პირველი ნახევრის შემდეგ რუსთაველები 3 ქულით იგებდნენ, მესამე პერიოდიდან კი თამაშში გარდატეხა შეიტანეს, რაშიც სოლიდური წილი გუნდის ლეგიონერებთან ერთად ახალგაზრდა ზურა ვაშაკიძესაც მიუძღვის. სოლიდურად გამოიყურებოდა გეგი ბაქრაძეც, რომელიც დაცვაშიც და შეტევაშიც შედეგიანად ირჯებოდა და მესამე პერიოდის 26:18 მოგების შემდეგ ბოისას გუნდი 11 ქულით დაწინაურდა.
ბოლო პერიოდში ვითარება არ შეცვლილა. რუსთაველებმა გამარჯვებამდე მისვლა სტაბილური დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე მოახერხეს და ფინალში გავიდნენ. ქვემოქართლელთაგან ყველაზე შედეგიანი გეგი ბაქრაძე გახლდათ, რომელმაც 11 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. 17 ქულით ბომბარდირი გახდა მაიკლ დევისი, 14 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მალიქ უაითის ანგარიშზეა. კაკტუსში 29 ქულით საუკეთესო იყო სამაი ჰაინს ჯონსი, 18 ქულა სანდრო სანაძემ დააგროვა.