10-დღიან კემპს თბილისში სლოვენიელი მწვრთნელები ჩაატარებენ

19-28 მაისს, თბილისში
გრანდიოზული საკალათბურთო კემპი გაიმართება. უცხოეთიდან ჩამოსული მაღალკვალიფიციური
მწვრთნელები ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს 10 დღის განმავლობაში ვარჯიშებს ჩაუტარებენ.
ეს არის კალათბურთის სპეციალისტთა გამოცდილი ჯგუფი, რომელიც საკალათბურთო კემპებს ბრენდული
სახელწოდებით – „NEW ERA
BASKETBALL” – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებენ.

კემპი „დინამოს“
საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება ორ ასაკობრივ კატეგორიაში. 

საწყის ხუთ დღეში
ვარჯიშებს გაივლიან 18-წლამდე და ზევით ახალგაზრდები, ხოლო დარჩენილ დღეებში 15-17
წლის მოზარდები ჩაერთვებიან.

კემპს გაუძღვებიან
ლიუბლიანას „ოლიმპიისა“ და სხვა სლოვენიური კლუბების მწვრთნელები: ლუკა კრიჟაი, ჟიგა
მრავლიაკი, მატიჩ მრავლიაკი და უროშ ნინიჩი.

 კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდები იმ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს
გაივლიან, რაც აუცილებელია მათი სწორი მიმართულებით განვითარებისთვის.

კემპის პრეზენტაცია
დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა და მას სლოვენიელ სპეციალისტებთან ერთად ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებიც დაესწრნენ. 

გიორგი ნიკოლაძე(18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი):
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და პირადად
ვლადიმერ ბოისას ასეთი უპრეცედენტო კემპის ორგანიზებისთვის. ვფიქრობ, ამ 10 დღის განმავლობაში
ჩვენი ახალგაზრდები ძალიან მნიშვნელოვან ცოდნას მიიღებ, ასეთი კემპები ჩვენთვის, მწვრთნელებისთვისაც
ძალიან სასარგებლო და ბევრის მომცემია.

უროს ნინიჩი(სლოვენიელი მწვრთნელი): საქართველოში
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოწვევით ჩამოვედით და მადლობას ვუხდით მათ ამისთვის.
ახალგაზრდა კალათბურთელებს 10 დღის განმავლობაში ვარჯიშებს ჩავუტარებთ და შევეცდებით
დავეხმაროთ მათ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში. 
ისინი გაივლიან როგორც ძირითად პრაქტიკულ ვარჯიშებს, რაც კალათბურთელის კარიერაში
უმნიშვნელოვანესია, ასევე ფიზიკურ მომზადებას და თეორიულ მეცადინეობებს.