0.7 წამში მოგებული მატჩი:ტომარაძემ “ოლიმპს” შსს დაამარცხებინა (მატჩისშემდომი კომენტარები)

საფინალო სირენამდე 0,7 წამი. ანგარიში 66:66. გვერდიდან
შემოტანილ ბურთს იღებს ოლიმპელი კოკა ტომარაძე და ბურთის „შსს-აკადემიას“ ფარისკენ
გაშვებას ასწრებს. სირენა გაისმის, ბურთი კი კალათში ეშვება და მოედანი მოზეიმე ოლიმპელებით
გაივსო.

გია კაზანჯიანის გუნდმა არსებობის ხანმოკლე ისტორიაში
ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. „ოლიმპმა“ საქართველოს ეროვნული ნაკრების 5 მოქმედი
წევრითა და 2 კანდიდატით დაკომპლექტებული „შსს-აკადემია“ დაამარცხა. თან ისე დაძაბულ
და დრამატიზმით აღსავსე ფინალში, რომლის დარიც საქართველოში კი არა, ზოგადად კალათბურთშიც
იშვიათად ხდება.

არადა, „შსს-აკადემიასთვის“ გამარჯვებას ოქროს ფასი
ჰქონდა. დღეს, „დინამოს“ „ქუთაისთან“ წაგების შემდეგ კოტე ტუღუშის გუნდს რეგულარული
ჩემპიონატის მოგების რეალური შანი გაუჩნდა. მომდევნო ტურში, 28 მარტს აკადემიელები
„დინამოს“ ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში მოქმედ ჩემპიონებს ცხრილში გადაასწრებდნენ,
რის შემდეგაც რეგულარულის ბოლო ტურში გამარჯვებით პირველ ადგილს ინაღდებდნენ.

აი, ასეთი მნიშვნელობის მატჩი მოუგო „ოლიმპმა“ „შსს-აკადემიას“.
არადა, ტუღუშის გუნდს თითქოს არაფერი ემუქრებოდა. „ოლიმპი“ მესამე მეოთხედში 4-5 ქულით
კი გალიდერდა, თუმცა ბოლო პერიოდში აკადემიელები დაწინაურდნენ და მართალია, ბევრით
არ ლიდერობდნენ, თამაშს აკონტროლებდნენ და მეტოქესთან დისტანციას ინარჩუნებდნენ.

თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, გიორგი შარაბიძის
ზუსტი ორქულიანის შემდეგ აკადემიელები 8 ქულით – 66:58 დაწინაურდნენ, თუმცა მუდამ მებრძოლმა
ოლიმპელებმა ფარხმალი არათუ დაყარეს, ბრძოლის ჟინი გაუორმაგდათ და დარჩენილ დროში გოგოძემ,
აბულაძემ და ორჯერ ნოსკოვმა სწრაფ შეტევებს მოყოლილი ორქულიანი ჩააგდეს და ანგარიში
გაათანაბრეს – 66:66. ეს მოხდა თამაშის დასრულებამდე 2,50 წუთით ადრე, რის შემდეგაც
ორმხრივი შეცდომები, აცილებული ბურთები და კიდევ ბევრი რამ მოხდა მოედანზე, სანამ თავში
ხსენებული მომენტი არ დადგა.

საფინალო სირენამდე 0,7 წამით ადრე ოლიმპელებმა ბურთი
შემოიტანეს, რომელიც კოკა ტომარაძემ მიიღო და… ტომარაძემ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა,
ოლიმპელთა ბომბარდირი კი უკრაინელი დენის ნოსკოვი გახდა 15 ქულით. 9 ქულა ნოდარ გოგოძემ
მიითვალა, ხოლო 8 – ნუგზარ აბულაძემ. აკადემიელთაგან 18 ქულით ბომბარდირი გიორგი ცინცაძე
გახდა, 12 დააგროვა ნიკა მეტრეველმა, 12 – გიორგი შარაბიძემ.

სუპერლიგის მომდევნო, ბოლოსწინა 27 და 28 მარტს გაიმართება.

 მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ოლიმპი –  შსს აკადემია 69:66

გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა, ბოლო წამზე გადაწყდა თამაშის ბედი. მაყურებლისთვის
საყურებლად ბრწყინვალე თამაში იყო. ჩვენთვის, როგორც მწვრთნელებისთვის, ძალიან რთული
და დაძაბული იყო. ბოლოს გაგვიმართლა, უფრო კონცენტრირებულები გამოვდექით. მოვუგეთ ძალიან
ძლიერ გუნდს და იმედია, ეს ჩვენს ახალგაზრდა მოთამაშეებს თავდაჯერებას შემატებს. პირველ
წრეში იმის პრობლემა გვქონდა, რომ ბოლო წუთებზე ვაგებდით თამაშს, ვფიქრობ, ეს მოგება
ძალიან დაგვეხმარება, თუ შეგვიძლია ,,შსს აკადემიას’’ მოვუგოთ, ესეიგი შეგვიძლია ნებისმიერი
სხვა გუნდის დამარცხებაც. მადლობა კოკას გამარჯვების ბურთისვის და ასევე, მადლობა მაყურებელს
მხარდაჭერისთვის.

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ,,ოლიმპის’’ გუნდს გამარჯვებას. წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე,
რომ დაძაბულ და საინტერესო შეხვედრას ველოდებოდით და ეს მოლოდინი გამართლდა. მესამე
პერიოდში იყო მომენტი, როცა ვაკონტროლებდით თამაშს და ბევრად უკეთ უნდა წასულიყო თამაში,
თუმცა ‘’ოლიმპმა’’ ბოლომდე იბრძოლა. სამი პერიოდი სხვანაირი იყო ჩემი გუნდი, ბოლო პერიოდიში
კი სულ სხვანაირი გახდა, გავარკვევთ და გავაანალიზებთ, ეს რატომ მოხდა. იღბალიც ‘’ოლიმპის’’
მხარეს იყო. კოკას დამსახურებას არ ვაკნინებ, ასეთი რამ კარიერაში იშვიათად ხდება,
მინდა მივულოცო მას და წარმატებები ვუსურვო. ჩვენ წავაგეთ და საქმე სატურნირო მდგომარეობის
თვალსაზრისით გავირთულეთ. პირველი ადგილის შანსი აღარ გვაქვს, ამიტომ ვეცდებით მაქსიმალურად
მაღალი ადგილისთვის ვიბრძოლოთ, რათა რომელიმე გუნდთან მაინც გვქონდეს მოედნის უპირატესობა.

კოკა ტომარაძე(,,ოლიმპი’’): მივულოცავ ჩვენს
გუნდს. ჩემი აზრით  ყველაზე ძლიერი მოთამაშეებით
და მწვრთნელით დაკომპლექტებულ გუნდს მოვუგეთ. ჩემთვის, როგორც მოთამაშისთვის, ძალიან
ემოციური მატჩი იყო, ალბათ, მაყურებლისთვისაც დასამახსოვრებელი თამაში გამოვიდა.