პროფესიული კალათბურთი ტყიბულსაც ესტუმრა. საკალათბურთო კლუბი ორბი, რომელიც თბილისში დაარსდა და წლების მანძილზე “ა” ლიგაში ასპარეზობდა, დედაქალაქიდან რეგიონში გადაბარგდა და მიმდინარე სეზონიდან ტყიბულის სახელით გამოდის, შეხვედრებსაც მეშახტეთა ქალაქში მასპინძლობს. 26 იანვარს ტყიბულმა “ა” ლიგის პირველ ოფიციალურ მატჩს უმასპინძლა – ადგილობრივი ორბი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე აუტსაიდერი ჰყავდა, ორბის საქომაგოდ ბევრი ტყიბულელი მოვიდა. საკალათბურთო დარბაზი პირთამდე შეივსო. მატჩს დაესწრო ქალაქის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, ვისი დიდი დამსახურებაა, ორბის ტყიბულში მიღება და ამ გუნდის მატერიალური მხარდაჭერა. 50-ნომრიანი მაისურები მიიღეს ორბის ყველაზე სტაჟიანმა წევრებმა, ლევან და ნიკა ლოლიშვილებმა, რომლებსაც გუნდში 50 ჩატარებული მატჩი მოუგროვდათ.
რაც შეეხება მატჩს, შეხვედრის ბედი წინდაწინ იყო ცნობილი. ორბი სუპერლიგაში გადასვლის პრეტენდენტია, რომელსაც 4 ამერიკელი ჰყავს, აწსუ კი ლიგის ერთადერთი ულეგიონერო და შესაბამისად აუტსაიდერი წევრი. შესაბამისად, საკითხავი ის იყო, რა სხვაობით იმარჯვებდა მასპინძელი. ორბმა საბოლოოდ 35 ქულით – 95:60 (სტატისტიკა) მოიგო და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ტყიბულის გუნდმა “ა” ლიგის პირველი შეხვედრა 23 იანვარს გორში, “ივერიონთან” დათმო.
ტყიბულელებს ქუთაისელებთან დემარკუს ეიდიმ ულიდერა, რომელმაც 11 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულა და 8 მოხსნა კვენტინ დევისის ანგარიშზე დაგროვდა. მარკალ ლოთსმა 13, ხოლო ნიკა ლოლიშვილმა და ირაკლი კილაძემ 11-11 ქულა მიითვალეს. ქუთაისელთაგან 23 ქულით საუკეთესო იყო ლუკა კანთელაძე.
ორბი მომდევნო მატჩს 31 იანვარს გამართავს, როცა ტყიბულში გათამაშების ლიდერ ასტრალს უმასპინძლებს.
ფოტო: facebook.com/orbibc