სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზას შორის მემორანდუმი გაფორმდა

 25 მარტს, ექსპო-ჯორჯიას მესამე პავილიონში (წერეთლის გამზირი 118) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის გაფორმებას დაესწრნენ რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილგაბრიჩიძე და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტიდავით რურუა. 
 

ასევე, სარაგბო გუნდ – „ლოკომოტივის”, კალათბურთის გუნდის “სოხუმის” და წყალბურთის გუნდის “ლოკომოტივის” ხელმძღვანელები, მენეჯერები, მწვრთნელები და მოთამაშეები. ეს ის კლუბებია, რომელთაც საქართველოს რკინიგზა ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

მემორანდუმის მიზანია ქართული სპორტის განვითარების,  საერთაშორისო და ეროვნულ შეჯიბრებებში ქართველ სპორტსმენთა  შეუფერხებლად მონაწილეობისა  და ფიზიკურად ძლიერი ჯანსაღი თაობის აღზრდის ხელშეწყობა.
“საქართველოს რკინიგზა” გამოხატავს მზადყოფნას, რომ კეთილი ნების საფუძველზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობის გათვალისწინებით,  უზრუნველყოს   სპორტის  სხვადასხვა სახეობის  ფინანსური მხარდაჭერა.
„საქართველოს რკინიგზა” ეხმარება სარაგბო გუნდს – „ლოკომოტივს”, და კალათბურთის გუნდს “სოხუმს”, ასევე წყალბურთის გუნდს “ლოკომოტივს”, რომელიც ახლა ყალიბდება.
რაგბის გუნდი “ლოკომოტივი”, რომელიც რაგბის ეროვნული პირველობის უმაღლეს ლიგაში თამაშობს დიდი ტრადიციებით გამოირჩევა და საქართველოს პირველობაც არაერთხელ მოუგია.
 
   
 

 

 

ფოტო – თამუნა ყულუმბეგაშვილი (www.msy.gov.ge)