სუპერლიგის საგზურისთვის საკვალიფიკაციო სერია დაიწყო “ბათუმსა” და “კავკასიას” შორის. “ბათუმი” წლების მანძილზე თამაშობს სუპერლიგაში და წლეულს ადგილის შენარჩუნება უწევს, რადგან რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-10 ადგილი დაიკავა. დებულების თანახმად, მე-10 ადგილზე გასული გუნდი “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულთან საკვალიფიკაციო სერიას ითამაშებს 3 მოგებამდე და გამარჯვებული სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს.
ბათუმელებმა სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს. სერიის პირველ მატჩში, რომელიც 4 მაისს ბათუმში გაიმართა, აჭარულმა გუნდმა დამაჯერებელი სხვაობით – 93:79 (სტატისტიკა) იმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილი კავკასიელები იბრძოდნენ, თუმცა მეტი გამოცდილების მქონე ბათუმელებთან საბოლოოდ ვერას გახდნენ.
ბათუმელებს 27 ქულით ანტუან ჯონსონმა ულიდერა. 10 ქულა, 16 მოხსნა და 6 პასი ბექა ბექაურის ანგარიშზეა. 13 ქულა მიითვალა ახალგაზრდა გიორგი ოჩხიკიძემ. კავკასიელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო შენონ ფაულერი. 14 ქულა ტატო ზუზაძემ მიითვალა, მარკიზ მეიფილდის ანგარიშზე 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.