“ა” ლიგაში დღეს 1 მატჩი გაიმართა. მე-7 ტურის პირველ შეხვედრას თელავმა უმასპინძლა, სადაც გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი “მეგა” ჩავიდა და ადგილობრივი “ბურჯი” 88:81 (სტატისტიკა) დაამარცხა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გუგა პატარაიას გაწვრთნილმა მეგამ მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა.
პირველი პერიოდი მასპინძლებმა საკმაოდ დამაჯერებლად – 29:18 მოიგეს, რის შემდეგაც მეგამ თამაში გამოასწორა და ლიდერობის მოპოვება დიდ შესვენებამდე მოახერხა. მეორე ათწუთეული სტუმრებმა 26:11 მოიგეს და 4 ქულით დაწინაურდნენ.
მესამე პერიოდი თანაბარი (20:20) გამოდგა, რის შემდეგაც ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა. მეგა ლიდერობას დიდი გაჭირვებით ინარჩუნებდა, თელაველები კი მთელი მონდომებით ცდილობდნენ, მაგრამ წინ გასული მეტოქის მხოლოდ წამოწევა მოახერხეს. ნიკა ჩაველაშვილის გაწვრთნილმა თელაველებმა გადამწყვეტი იერიშის ორგანიზება ვეღარ მოახერხეს და მატჩი ბოლო წუთებზე დათმეს.
მეგას 22 ქულით ჯალენ ბრედლიმ ულიდერა. 20 ქულა ჯერმეინ მეროუმ, ხოლო 15 ქულა და 10 მოხსნა ტრევონდ ბარნსმა მიითვალა. თელაველთაგან 29 ქულით საუკეთესო იყო ჰავიერ ნიუსონი. 21 ქულა თაჩ უნრუჰმა მითვალა.
“ა” ლიგის მე-7 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 29 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: “ზესტაფონი” – “ორბი”, “სპორტუნი” – “კავკასია”.