ბექა წივწივაძის გაწვრთნილი “კავკასია” გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო და ფინალურ სერიაში ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა. გუგა პატარაიას გაწვრთნილმა “მეგამ” შეხვედრის ბოლო 4 წუთში 17:1 სძლია კავკასიელებს და საბოლოოდ 88:84 (სტატისტიკა) გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ა” ლიგის მოგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
მეგა ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა და სუპერლიგის საგზურს მიუახლოვდა. კავკასიას მიჯრით 3 მოგება სჭირდება, სერია რომ მოიგოს, რაც რთულად შესასრულებელი მისია იქნება. კავკასიელებმა ვერ მოახერხეს ლამის მოგებული მატჩის სათავისოდ დამთავრება. მატჩის დასრულებას 4 წუთზე ნაკლები აკლდა, როცა კავკასია 83:71 იგებდა. სწორედ აქ დაიწყო მეგას შტურმი. მანამდე 5-ვე სამქულიანის გამცუდებელმა ჯერმეინ მეროუმ პირველი შორი სროლა ჩააგდო, რასაც საჯარიმოები, ორქულიანი, კიდევ სამიანი მოაყოლა და ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.
კავკასია დაიბნა. გუნდი მოიშალა იმ კონფლიქტური სიტუაციის შემდეგ, რომელიც ბოლო პერიოდის შუა წელში შეიქმნა და როცა მსაჯმა მოედნიდან ტექნიკურების გამო მეგას უკანახაზელი ნიკა რამიშვილი გააძევა, ხოლო 2 კავკასიელი – ტარიელ ზუზაძე და ელიოტ კოული თითო ტექნიკით დასაჯა.
ვერც წუთშესვენებამ და ვერც კავკასიელთა სხვა ხერხებმა ვერ შეაჩერეს მეგას ლიდერი მეროუ, რომელმაც დასკვნით 4 წუთში 13 ქულა ჩააგდო. ეს ბოლოს, მანამდე კი კავკასიელთა დაცვას მოსვენებას ასტონ ფრენსისი არ აძლევდა, რომელმაც 41 ქულა ჩააგდო თავისი საფირმო 9 სამქულიანითურთ.
ფინალური სერიის მე-3 მატჩი კვირას, 25 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება და თუკი მეგა ისევ მოიგებს, ტურნირის გამარჯვებული და სუპერლიგის საგზურის მფლობელი გახდება. თუ კავკასიელები გაიმარჯვებენ, სერიის მე-4 მატჩი 26 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება.