“ა” ლიგის გათამაშების ფინალური სერია დაიწყო. ტურნირისა და შესაბამისად, სუპელრიგის საგზურის მოსაგებად “მეგა” და “კავკასია” ხვდებიან. ფინალური სერია 3 მოგებამდეა და პირველი შეხვედრა გუგა პატარაიას გაწვრთნილმა მეგამ მოიგო. შეხვედრის საწყისი 3 პერიოდი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მეგამ მატჩის მიწურულს მოიპოვა უპირატესობა, რაც ანგარიშშიც ასახა და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით – 87:73 (სტატისტიკა) იმარჯვა.
მატჩის პირველი პერიოდი მეგამ 28:21 მოიგო, რომელიც სწრაფ შეტევებს იმდენად ხეირიანად ვერ იყენებდა, რამდენადაც – შორ სროლებს. ზოგადად, პატარაიას გუნდის მთავარი იარაღი სამქულიანებია და ეს ძალიან ხშირად გამხდარა მეგას გამარჯვების მიზეზი. როცა მეტოქესაც კარგად მისდის შორი სროლები, მაშინ მეგას უჭირს და სწრაფ შეტევებზე აკეთებს აქცენტს, თუმცა კავკასია ყველა ამ კომპონენტში მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს და მეორე პერიოდში ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჩამორჩენა ხომ შეამცირა და წინაც გავიდა – 45:43 პირველი ნახევრის შემდეგ.
მესამე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. მეგამ მოახერხა ათწუთეულის 2 ქულით მოგება და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი იყო -65:65. გადამწყვეტი ათწუთეული მეგას შტურმით დაიწყო. ჯერმეინ მეროუმ, ნიკა რამიშვილმა და ისევ მეროუმ მიჯრით 6 ქულა მიითვალეს და როცა ტრევონდ ბარნსმა სამქულიანი გაისროლა, მატჩის დასრულებამდე ხუთნახევარი წუთით ადრე მეგა 10 ქულით გალიდერდა – 76:66.
ასეთ თანაბარ თამაშში ეს უპირატესობა ისეთი სოლიდური აღმოჩნდა, რომ დარჩენილ დროში კავკასიელებმა მისი გაბათილება ვეღარ შეძლეს. პირიქით, მეგამ კიდევ უფრო გაზარდა ლიდერობა და გამარჯვებამდე მშვიდად მივიდა. მეგაში 22 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ტრევონდ ბარნსი. 19 ქულა და 11 მოხსნა ასტონ ფრენსისმა მიითვალა. 22 ქულა და 7 პასი ჯერმეინ მეროუს ანგარიშზეა. კავკასიაში 10 ქულა და 10 მოხსნა მარკიზ მეიფილდმა მიითვალა, ბომბარდირი კი 19 ქულით დევონ კოლი გახდა.
შეგახსენებთ, რომ “ა” ლიგის გამარჯვებული სუპერლიგაში “მგზავრებს” ჩაანაცვლებს, ხოლო ფინალში დამარცხებულს სუპერლიგის საგზურისთვის ბრძოლა “ბათუმთან” მოუწევს. აჭარულმა კლუბმა სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა და უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა საკვალიფიკაციო რაუნდში “ა” ლიგის ფინალისტთან მოუწევს.
ფინალური სერიის მეორე მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 23 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.