გორის ივერიონმა “ა” ლიგის ფინალური სერია ორბთან წააგო, თუმცა სუპერლიგაში გადასვლის შანსი მაინც დარჩა, რომლის გამოყენებასაც მაქსიმალურად ცდილობს. აქამდე ერთადერთხელ მოხდა, რომ “ა” ლიგის ფინალისტმა სუპერლიგის საგზური გადათამაშებით მოიპოვა. ეს 2017-2018 წლების სეზონში ივერიონის სადღეისო მეტოქე ტიტებმა მოახერხა, რომელმაც გადასასვლელი სერია სოხუმს მოუგო. იმავეს გამეორებასთან ამ მომენტისთვის ერთ ნაბიჯშია გორის გუნდი, რომლის მეტოქეც გადათამაშებაში სწორედ ტიტებია, რომელმაც სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა და დებულების თანახმად უმაღლეს ლიგაში ადგილი “ა” ლიგის ფინალისტთან სერიაში უნდა დაიცვას.
დღეს გამართულ საკვალიფიკაციო სერიის მე-4 მატჩში ივერიონმა გორში დაძაბულ ბრძოლაში – 89:86 (სტატისტიკა) დაამარცხა ტიტები და სერიაში 2:1 დაწინაურდა. სერიის მომდევნო მატჩს ივერიონი კვლავ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში სერიას მოიგებს, რაც სუპერლიგაში გადასვლის ტოლფასი იქნება.
გორელებმა მატჩი გმირულად მოიგეს. მეორე პერიოდის მიწურულს ტიტების უპირატესობა 17 ქულა იყო – 50:33. ასეთი დიდი სხვაობით ჩამორჩენის მიუხედავად ივერიონის მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვება დაიმსახურეს, რაშიც ლომის წილი გორელთა ამერიკელ ლეგიონერს, ჯერმეინ ჰედს მიუძღვის. დასკვნით ათწუთეულში, რომლის დაწყებამდეც ტიტები 8 ქულით იგებდა, ჰედმა 19 ქულა ჩააგდო და ივერიონს გამარჯვება გაუნაღდა. რა თქმა უნდა, ჰედი ვერას გახდებოდა, რომ არა ვიქტორ ლუისის, ჯაილან ჰასლემის და სხვა თანაგუნდელების თანადგომა. გორელებმა გუნდური თამაშითა და ბრძოლისუნარიანობით გაიმარჯვეს.
ჰედმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 33 ქულა, 13 მოხსნა, 10 პასი. ჰასლემის ანგარიშზე 24 ქულა, 14 მოხსნა და 3 დაფარება დაგროვდა. ვიქტორ ლუიმა გორელებს 20 ქულა მიაშველა. ტიტებში 22 ქულით საუკეთესო იყო ბრაიან დოუსონი. 14 ქულა და 10 მოხსნა დარიუს ბელის ანგარიშზე დაგროვდა.
სერიის მომდევნო, მე-4 მატჩი 27 აპრილს, 19:00 საათზე, კვლავ გორში გაიმართება.
ფოტო: მირიან ჩხეიძე