ჰედი, კუპერი და ალქორნი – შესაბამისად ივერიონს, ორბს და დინამოს გამარჯვებაში დაეხმარნენ

ჰედი, კუპერი და ალქორნი – შესაბამისად ივერიონს, ორბს და დინამოს გამარჯვებაში დაეხმარნენ

“ა” ლიგაში ყოველთვის საინტერესო და ჯიგრიანი თამაშებია, როცა გუნდებს შორის თანაფარდობა დიდი არ გახლავთ. გათამაშების დაწყებიდან პირველად დღეს დაემთხვა ისეთი ტური, როცა ტოლძალოვანი გუნდები დაწყვილდნენ. ლიგის გამოკვეთილი 2 აუტსაიდერი – დინამო და აწსუ ერთმანეთს შეხვდნენ, შესაბამისად, ფავორიტი 4 გუნდიც ერთმანეთში თამაშობდა და ნებისმიერი მათი დაპირისპირება, რომელი რომელსაც არ უნდა შეხვედროდა, დაძაბული იქნებოდა და ასეც მოხდა. “ასტრალისა” და “ივერიონის” დაპირისპირება თვალსასეირო გამოდგა, ისევე როგორც გთუნისა და “ორბის” მატჩი.

ასტრალი – ივერიონი 80:89 (სტატისტიკა)

აღნიშნულ მატჩის მონაწილეებს მოგებ-წაგებათა თანაბარი შეფარდება ჰქონდათ. ორივემ 3-3 შეხვედრა მოიგო და თითო წააგო. ამასთან, ეს გუნდები ერთმანეთში პირველად თამაშობდნენ და შესაბამისად, გამარჯვებას დიდი ფასი ჰქონდა. გორის ივერიონი ლიგის დებიუტანტია და სუპერლიგაში გადასვლის ამიბცია აქვს, ხოლო ასტრალი შარშანდელი ფინალისტი და შესაბამისად, ახლაც პირველობის სურვილით განმსჭვალული.

მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოვიდა, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გორელები თავიდან ხელჩასაჭიდად დაწინაურდნენ და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ იოლად გაიმარჯვებდა, თუმცა მეორე პერიოდის დასაწყისში 13 ქულით ჩამორჩენილმა ასტრალელებმა ანგარიშის გათანაბრება დიდ შესვენებამდე მოახერხეს. 34:21 – ასე დაწინაურდა ივერიონი ამერიკელი ვიქტორ ლუისის სროლის შემდეგ, რის შემდეგაც ასტრალის ჯერი დადგა. ბექა ჩიკვილაძის გაწვრთნილმა გუნდმა 20:5 მოიგო 6-წუთიანი მონაკვეთი და პირველი ნახევრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 42:39 დაწინაურდა. 

მართალია, გორელთა ლეგიონერმა, ჯერმეინ ჰედმა სამიანით მყისვე გაათანაბრა ანგარიში, თუმცა შემდეგ ქულა-ქულაში თამაში წავიდა. დიდ შესვენებაზე გორელები 49:48 იგებდნენ, ხოლო მესამე პერიოდი რომ დამთავრდა, უკვე ასტრალი იყო ქულით წინ – 69:67. ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, თუმცა ამჯერად გორელებს მოუწიათ ჩამორჩენის გაბათილება. ასტრალის ლეგიონერმა, ჯონ კერმა გამოჩენილი სიზუსტის წყალობით თავისიანები 75:69 დააწინაურა, რაც ბექა ჩიკვილაძის გუნდს სოლიდურ ჰანდიკაპს და გამარჯვების შანსს აძლევდა.

გორელთა მწვრთნელმა, დიმიტრი ჯაკობოვმა დაცვა გაამაგრა, ხოლო შეტევაში მოგვარეებმა – აიზია და ვიქტორ ლუისებმა გაუმართლეს, რომელთა მიჯრით ჩაგდებული ბურთების წყალობით ივერიონი ისევ დაწინაურდა – 76:75. ლეგიონერებს ხელი შეაშველა მამუკა ბაზუაშვილმაც, რის შემდეგაც გორელთა თამაშს სტაბილურობა მიეცა. დარჩენილ დროში შიდა ქართლის გუნდმა ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდა და გამარჯვებამდეც მივიდა.

ივერიონში 23 ქულით საუკეთესო იყო ჯერმეინ ჰედი. 18 ქულა აიზია ლუისმა მიითვალა, მამუკა ბაზიაშვილი კი ორმაგი დუბლით გამოირჩა – 16 ქულა, 11 მოხსნა.  ვიქტორ ლუისის ანგარიშზე 16 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. ასტრალში 28 ქულით ბრენდონ მაკქვინი გახლდათ საუკეთესო. 17 ქულა და 12 მოხსნა ჯონ კერიმ მიითვალა.

 

       გთუნი – ორბი 66:76 (სტატისტიკა)

როგორც წინა შეხვედრის მონაწილეებს, გთუნისა და ორბსაც 3-3 მოგება და თითო წაგება ჰქონდათ. ანუ ა ლიგის 1-4 ადგილებზე მყოფი გუნდები თანაბარი ქულებით იყვნენ და შესაბამისად ამ ტურს გუნდების კლასიფიკაცია უნდა მოეხდინა. ივერიონმა ასტრალი დაამარცხა და ცხრილში გაპირველდა, ხოლო გთუნისა და ორბის გამარჯვებული სათავეში გორელებს შეუწყვილდებოდა. ასეც მოხდა – ორბმა 10 ქულის სხვაობით დაამარცხა გთუნი და მოგებ-წაგების 4-1-თან შეფარდებით ივერიონს გვერდში ამოუდგა. თუმცა პირადი მოგების ხარჯზე გორის გუნდი ცხრილში პირველ ადგილზე განთავსდა.

ეს შეხვედრაც საკმაოდ დაძაბული იყო. საბოლოოდ დაფიქსირებული 10-ქულიანი სხვაობა რეალურად არ ასახავს იმ თანაფარდობას, რომელიც ამ მატჩზე მოსულმა მართლაც ბევრმა მაყურებელმა აიხილა. ტყიბულის გუნდის მხარდასაჭერად “ორბის” საკალათბურთო სკოლის მრავალი ბავშვი მოვიდა, რომლებმაც საბოლოოდ ძლიერ გაიხარეს. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ორბელებმა მატჩის ბოლო პერიოდი შესანიშნავად ჩაატარეს და მთელი 3 პერიოდი რომ მეტოქეს ვერაფერი დააკლეს, გადამწყვეტ წუთებში მოუთავეს ხელი.

ეს უპირველესად კარგმა დაცვითმა თამაშმა და რაღა თქმა უნდა, ზუსტმა შორმა სროლებმა განაპირობა. ბოლო პერიოდი გთუნის 4-ქულიანი ლიდერობით დაიწყო, თუმცა ვითარება მოედანზე მალევე შეიცვალა, რაც ორბის მოთამაშეების გონივრული დაცვისა და სწრაფი კონტრშეტევების, ასევე შორი სროლების დამსახურება გახლდათ. ნიკა და ლევან ლოლიშვილებმა მიყოლებით ჩააგდეს სამქულიანები, დემარკუს ეიდიმ და კენი კუპარმაც შედეგიანად ითამაშეს და ორბმა რომ მოიპოვა ხელჩასაჭიდი უპირატესობა, თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია. დავით ნოზაძე ბევრს ეცადა, რამდენჯერმე წუთშესვენებაც აიღო, თუმცა თამაშის ბედი ვეღარ შეცვალა. 

ორბში 19 ქულით, 7 პასით და 5 ჩაჭრით საუკეთესო იყო კენი კუპერი. დემარკუს ეიდიმ 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, მიხეილ ჭოჭუა 12 ქულით გამოირჩა. გთუნიში 19 ქულით საუკეთესო იყო კამარ მაკნაითი. 12 ქულა ვასილ ბერუაშვილის ანგარიშზეა.

დინამო – აწსუ 120:63 (სტატისტიკა)

“ა” ლიგის დებიუტანტი აწსუ ვერ გამოდგა კიდევ ერთი აუტსაიდერის, დინამოს კონკურენტი. ამ გუნდებს მიმდინარე სეზონის ყველა მატჩი წაგებული ჰქონდათ და წესით, ერთმანეთში საინტერესო ბრძოლა უნდა გაემართათ, თუმცა დინამომ ისე იოლად მოუგო ქუთაისურ გუნდს, როგორც მას “ა” ლიგის ლიდერები ამარცხებენ.

საინტერესო ამ მატჩში ის მოხდა, რომ დინამოელმა ანტონიო ალქორნმა 53 ქულა ჩააგდო. ამით მან “ა” ლიგის ისტორიაში მე-2 შედეგი დააფიქსირა. ალქორნმა აჯობა ტრავანტე უილიამსს, რომელმაც 2017 წლის 27 თებერვალს “წყალტუბოს” მაისურით “ტიტებს” 50 ქულა ჩაუგდო, თუმცა ვერ მიუახლოვდა დავით მაისურაძეს, ვისაც ასევე 2017 წელს სეუ-ს შემადგენლობაში 57 ქულა აქვს ჩაგდებული “წყალტუბოსთვის”. 

დინამომ ძალიან იოლად – 57 ქულით დაამარცხა აწსუ და როგორც ჩანს, ქუთაისური გუნდის ბედი “ა” ლიგაში გარკვეულია.შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომელიც 10 ტური გრძელდება, საუკეთესო 4 გუნდი სუპერლიგის საგზურისთვის ბრძოლას პლეი ოფში განაგრძობს, მე-6 ადგილოსანი “ა” ლიგას დატოვებს, ხოლო მე-5-ზე გასული მომავალი სეზონის წინ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.