სანაკრებო ციებ-ცხელების პარალელურად თავისი ორომტრიალი აქვთ “ა” ლიგის გუნდებს. მოგეხსენებათ, სუპერლიგის საგზური სწორედ ნახსენებ ლიგაში თამაშდება და შაბათს, ოლიმპიურ სასახლეში უშუალო კონკურენტების დაპირისპირება გაიმართა. გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტმა (გთუნი), რომელიც გორის “ივერიონს” ქულით ჩამორჩებოდა, შიდა ქართლის გუნდს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 87:76 (სტატისტიკა) დაამარცხა.
გორელებს მიმდინარე გათამაშებაში 2 მარცხი აქვთ და ორივე გთუნისთან. სამაგიეროდ, შიდაქართლელებმა ამჟამად პირველ ადგილზე მყოფ “ორბს” მოუგეს, რომელმაც თავის მხრივ გთუნი დაამარცხა და ახლა ცხრილში დაძაბული ვითარებაა. პირველზეა ორბი 1 წაგებით, რომლის შემდეგაც 2-2 მარცხით გთუნი და ივერიონი მოდიან. სუპერლიგის საგზურის მოპოვების კიდევ ერთ მაძიებელ ასტრალს 3 მარცხი აქვს და მე-4 ადგილი უკავია.
გთუნის აშკარად წაადგა ლეგიონერის ცვლილება. გუნდიდან გაშვებული კამარ მაკნაითის ნაცვლად უნივერსიტეტელებმა დარიუს სიმონსი ჩამოიყვანეს, რომელმაც ივერიონს 19 ქულა ჩაუგდო (11-დან 11 საჯარიმო). შეხვედრა საკმაოდ ემოციური გამოდგა. უნივერსიტეტელები თავიდანვე დაწინაურდნენ და ივერიონი მთელი თამაშის მანძილზე ცდილობდა წამოწევა. ყველაზე ახლოს გორელები მეტოქესთან მესამე პერიოდის დასაწყისში მივიდნენ, როცა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.
ბოლო პერიოდში ივერიონმა გადამწყვეტი იერიში მიიტანა მეტოქეზე და ვიქტორ ლუისის სამქულინის შემდეგ მეტოქეს 4 ქულით – 70:74 მიუახლოვდა. აქ კი თავი ლევან რევაზაშვილმა ისახელა, რომელმაც ჯერ ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ სამიანი და უნვერსიტეტელების გამარჯვება გარდაუვალი გახდა. რევაზაშვილის სროლებს შორის მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ვასილ ბერუაშვილმაც იხეირა და გთუნის უპირატესობა დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე 10 ქულას ასცდა.
დავით ნოზაძის გაწვრთნილმა გთუნიმ საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვა და ცხრილში ივერიონს ურთიერთშეხვედრების ხარჯზე გადაასწრო.
ამ მატჩის დაწყებამდე დააჯილდოვეს შეხვედრის არბიტრი, დავით ბერეკაშვილი, რომელიც გახლავთ ერთადერთი ქართველი მსაჯი, რომელიც 2 ევროპის ჩემპიონატს მომსახურებია. სუპერლიგის ყველაზე სტაჟიანი მოქმედი არბიტრი, დავით ბერეკაშვილი 50 წლის გახდა, რომელსაც კალათბურთის ფედერაციის სახელით საერთაშორისო კლასის არბიტრმა, როლანდ ხომერიკმა საპატიო სიგელი გადასცა.