გოგონების მარცხისთვის ქართველმა ვაჟებმა თურქებს რევანში აუღეს

გოგონების მარცხისთვის ქართველმა ვაჟებმა თურქებს რევანში აუღეს

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი წარმატებით დაიწყო ვაჟთა ნაკრებმა, რომელმაც სადებიუტო მატჩსი თურქეთი გაანადგურა. ამ მატჩამდე იყო გოგონათა მატჩი თურთებთან, რომელიც ჩვენი სტუმრების გამარჯვებით – 61:28 დასრულდა.
 მოსალოდნელიც იყო, რომ წელიწადნახევრის წინ შექმნილმა გუნდმა ვერ მოახერხა იმ კონდიციამდე მისვლა, ქალთა კალათბურთში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ნაკრებებს ღირსეული წინააღმდეგობა რომ გაუწიოს. საქართველოში გოგონათა ნაკრები არც არსებობდა და ის იმიტომ შეიქმნა, რომ თბილისი 2015-ის პროგრამაში კალათბურთი იყო შესული და მასპინძელ ქვეყანას რომ ქალთა გუნდი არ გამოეყვანა, გვარიანი უხერხულობა იქნებოდა. ნაკრები სახელდახელოდ შეიკრიბა და მართალია, მას მზრუნველობა და მოსამზადებელი შეკრებები არ აკლდა, სათანადო დონემდე ვერ ავიდა.
ლელა ცანავასა და როლანდ გელოვანის გაწვრთნილი ნაკრების პირველი საფესტივალო მეტოქე თურქეთი გახლდათ, რომელსაც ქართველები პირველ მეოთხედში ღირსეულად ებრძოლნენ. დებიუტში იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა საწყისი პერიოდი 9:10 დათმეს და ამის შემდეგ ძალიან ცუდი ათწუთეული ჩაატარეს. მეორე მეოთხედი თურქებმა 19:1 მოიგეს, რითაც საქართველოს წინააღმდეგობა გატეხეს.
მეორე ტაიმში ცხადი გახდა, რომ საქართველო შეხვედრას ვერ შემოატრიალებდა და საკითხავი ის გახდა, საბოლოოდ რამდენი ქულით მოიგებდნენ თურქები. მატჩი სტუმართა 33-ქულიანი უპირატესობით – 61:28 დასრულდა. ქართველთაგან 10-ქულიან ზღვარს ვერავინ მიაღწია. თეონა მაჩალაძეს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა – 9 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. 9 ქულით დაასრულა შეხვედრა ნატალია ოთხმეზურმაც.

გოგონების წაგებიდან ორიოდ საათში  თურქებზე შური იძიეს ვაჟებმა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილმა გუნდმა თურქი თანატოლები 39 ქულით გაანადგურეს. ჩვენს სამხრეთელ მეზობლებს სულაც არ ჰყავთ ისეთი სუსტი ნაკრები, როგორც ქართველებთან გამოჩნდა. თურქებმა რამდენიმე თვის წინ რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე ჩერქეზიშვილის გუნდს სძლიეს, თუმცა თბილისში შედარებით შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვიდა.
„თურქები ოდნავ შესუსტებული შემადგენლობით იყვნენ, თუმცა ნამდვილად არ მეგონა, ასე იოლად თუ მოვუგებდით. რუმიეთში თურქეთმა შეცდომები არ გვაპატია და მოგვიგო.შეცდომები დღესაც გვქონდა, თუმცა მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდა. ბიჭებმა ზუსტად შეასრულეს მიცემული დავალება და საბოლოოდ კარგი შედეგიც მივიღეთ. ხვალ ურთულესი მატჩი გველის ამ ასაკში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ ბოსნიასთან. ვნახოთ, თუ თამაში არ წაგვივიდა, შესაძლოა ძალები დავზოგოთ და მობილიზება ჯგუფის ბოლო მატჩზე გავაკეთოთ, რომელშიც ლატვიას ვხვდებით“ – განაცხადა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა.
საქართველოს ნაკრებში 13 ქულითა და ამდენივე მოხსნით საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, 13 ქულა მიითვალა ნიკა ჩეჩელაშვილმაც. აკაკი ფიფიაც ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა, ხოლო 10-10 ქულა ზაურ ჯანელიძისა და ნიკა ყირიმელის ანგარიშზეა.

28 ივლისს საქართველოს ვაჟთა ნაკრები ბოსნიას სპორტის სასახლეში 14:00 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო გოგონები ჩეხეთს ვერის ბაღში, 16:15 საათზე ეთამაშებიან.  
 
თურქეთი 61:28 საქართველო (გოგონები)
10:9, 19:1, 12:8, 20:10
საქართველო: მაჩალაძე (9 ქულა, 10 მოხსნა), ოთხმეზური (9), ვახანია, გეგეშვიძე, ილურიძე (1), მანდარია (7), ღარიშვილი, გოგეშვილი (1), ბოჭორიშვილი (1), ადამია, დარჩია, ჰოიდონქსი
საქართველო 89:50 თურქეთი (ვაჟები)
20:11, 11:16, 26:14, 32:9
საქართველო: ყირიმელი (10 ქულა, 7 პასი), პერტაია (8 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი), მეცხვარიშვილი (8), ქავთარაძე (7), ჩეჩელაშვილი (13), ალავიძე (6), ბითაძე (13 ქულა, 13 მოხსნა), თავხელიძე, გაფრინდაშვილი, ჯანელიძე (10 ქულა, 6 მოხსნა), ფიფია (12), მამალაძე (2)