საკალათბურთო კლუბი “ასტრალი” “ა” ლიგის წევრია. კლუბმა, რომელიც შემოდგომაზე შეიქმნა და მიზნად პროფესიულ კალათბურთში ჩართვა განიზრახა, საწადელს მიაღწია. გონსალო ფერნანდესისა და ვატო თევზაძის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში “ბურჯს” სერიის მეორე შეხვედრაც მოუგო და “ა” ლიგაში კახელების ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ თელავურმა გუნდმა წინა სეზონში “ა” ლიგაში ბოლოსწინა, მე-5 ადგილი დაიკავა და დებულების თანახმად ლიგაში ადგილის შენარჩუნება საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთან უწევდა.
“ასტრალმა” საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “ივერიონს” და თბილისის “გალფს” აჯობა და “ბურჯთან” გადამწყვეტ სერიაში თამაშის უფლება მოიპოვა. ასტრალელებმა სერიის პირველი მატჩი 28 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 ქულით მოიგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში თელავში 84:78 (სტატისტიკა) იმარჯვეს და მიზანს მიაღწიეს.
თელაველებს მოგების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ლიდერობა ვერ შეინარჩუნეს. პირველ პერიოდში მასპინძლები 8 ქულით დაწინაურდნენ, ხოლო ბოლო ათწუთეულში მაქსიმუმ 5 ქულით იგებდნენ. მიზანი 8 ქულაზე მეტით მოგება იყო, თუმცა ბოლო პერიოდში “ასტრალმა” რეალური ძალა გამოაჩინა და დამსახურებულ გამარჯვებამდე მივიდა. 7 ქულით რომც წაეგო, “ასტრალი” მაინც იგებდა სერიას, თუმცა მასპინძლებს 6 ქულით აჯობა.
გადამწყვეტი სიტყვა გამარჯვებაში ასტრალის ქართველმა კალათბურთელებმა თქვეს. ბექა ჩიკვილაძემ ყველაზე მეტი – 24 ქულა ჩააგდო, მამუკა ბაზუაშვილმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 19 ქულა, 10 მოხსნა. 15 ქულა ენტონი მოსბის ანგარიშზეა. ვასილ კუტალაძემ შეხვედრა 6 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა. თელავის გუნდში 23 ქულა ჰქონდა ჯამალ რაითს, 19 ქულა ერიკ უილიამსმა, ხოლო 18 – ჯეიკ დენიელსმა მოაგროვა.
ბექა ჩიკვილაძე