“ა” ლიგის ნახევარფინალურ სერიებში ანგარიში გათანაბრდა

“ა” ლიგის ნახევარფინალურ სერიებში ანგარიში გათანაბრდა

“ა” ლიგის პლეი ოფი ჩვეული სიმძაფრით მიმდინარეობს. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული ორივე ნახევარფინალური მატჩი უაღრესად დაძაბული და შეიძლება ითქვას, დრამატული გამოდგა. მოიგეს იმ გუნდებმა, რომლებიც სერიაში ჩამორჩებოდნენ და შესაბამისად, ორივე სერიაში მე-3, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა.

რეგულარული ჩემპიონატის უდანაკარგოდ გამვლელმა გთუნიმ ბეწვის ხიდზე გაიარა. “ასტრალი” სერიის მეორე შეხვედრასაც უგებდა გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდს და საქმე ბოლომდე რომ მიეყვანა, ფინალში გავიდოდა, თუმცა მატჩის ბოლო წუთებზე უნივერსიტეტელებმა შესაშური თამაში აჩვენეს. 

მატჩის დასრულებამდე 3:30 წუთით ადრე “ასტრალი” 7 ქულით იგებდა – 71:64. ერიკ ფრედერიკმა, რომელიც ცენტრის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა სამქულიანებს არავისზე ურიგოდ არ ესვრის, შორი სროლით ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა და სათავე დაუდო გთუნის გაქცევას. ესტაფეტა ჯამანი პირსმა გადაიბარა, კოტე ბიწაძემაც ჩააგდო და გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი დაწინაურდა, დარჩენილ წუთში კი ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და საბოლოოდ 79:74 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

გთუნის საუკეთესო მოთამაშეს, კოლინ ტერნერს 21 ქულა, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა დაუგროვდა. 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ერიკ ფრედერიკმა, კოტე ბიწაძის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. “ასტრალს” 2 ლიდერი ჰყავდა – ევან ჰინსონმა 28 ქულა მითვალა, ევან მილიგანის ანგარიშზე კი 22 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა.

მეორე ნახევარფინალს რაც შეეხება, “ორბმა” კიდევ ერთხელ უჩვენა ბრძოლის კლასიკური მაგალითი. გუნდმა, რომელიც შუა სეზონში ლეგიონერების გარეშე დარჩა, ქართული რესურსით მოუგო სერიის მეორე მატჩი 4 უცხოელის მყოლ “კავკასიას”. დაძაბული მატჩი ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი გუნდის მინიმალური გამარჯვებით – 65:64 (სტატისტიკა) დასრულდა.

კავკასიას შეეძლო მოგება – ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო წუთზე ბარე 6 სროლა გააცუდა, თუმცა ყველაზე რეალური ბოლო წამზე, ფარქვეშ უმეთვალყურეოდ დარჩენილი მარკიზ მეიფილდის აცილებული იყო, რომელიც რომ ჩავარდნილიყო, კავკასიელები ფინალში გავიდოდნენ.

“ორბი” გამარჯვებას იმსახურებდა, რადგან გუნდის ყველა წევრმა რაც შეეძლო, გააკეთა. მოედანზე გასულმა “ორბის” ყველა წევრმა შეძლო გამარჯვებაში ქულობრივი წილის შეტანა. ყველაზე მეტი – 13 ქულა 20 წლის ვახტანგ გოგბერაშვილმა ჩააგდო, ხოლო ყველაზე ცოტა, 3 ქულა – 18 წლის ვატო ლუაშვილმა. 

“კავკასიაში” 15 ქულითა და 15 მოხსნით  საუკეთესო იყო რაილი ჰეისი, 14-14 ქულა დააგროვეს ჯორდან გრანტმა და ტატო ზუზაძემ, მარკიზ მეიფილდის ანგარიშზე კი 9 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. კავკასიელებმა თამაში მხოლოდ 2 ჩაგდებული სამქულიანით დაასრულეს და წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც, ცხადია, ეს გახლდათ.

ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი ორივე მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 11 აპრილს გაიმართება: გთუნი – ასტრალი 12:00, კავკასია – ორბი 14:00.