“ა” ლიგაში რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა – მე-9 ტური გაიმართა, რომელმაც მთავარი დეტალები გაარკვია. ცნობილია პლეი ოფში გასული ოთხეული, ასევე ბოლოადგილოსანი, რომელიც “ა” ლიგას დატოვებს და ასევე მე-5 ადგილზე გასული გუნდი, რომელსაც მომავალი სეზონისთვის საკვალიფიკაციო რაუნდში მოუწევს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.
მაშ ასე: დღეს “მეგასთან” უშანსოდ – 74:90 (სტატისტიკა) წააგო და ლიგაში დარჩენის შანსი დაკარგა “სპორტუნიმ”. როლანდ გელოვანის გაწვრთნილმა სპორტის უნივერსიტეტელებმა 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს და ბოლო ადგილს ვერ ასცდებიან. დებულების თანახმად, ბოლოადგილოსანი ლიგიდან ვარდება და მის ადგილს სტუდენტური ლიგის გამარჯვებული იკავებს.
თავის მხრივ, მეგამ დღევანდელი გამარჯვებით პირველი ადგილი გაინაღდა. ბოლო ტურის მატჩის შედეგს გუგა პატარაიას გაწვრთნილი გუნდისთვის მნიშვნელობა არ აქვს: რეგულარულს მეგა პირველ ადგილზე დაასრულებს. თუმცა პირველობა პირობითი უპირატესობაა, რადგან პლეი ოფში გასული ოთხივე გუნდი თბილისურია და სერიაში მოედნის უპირატესობას მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ყველა თამაში ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.
შესაბამისად, პლეი ოფში ვერ გავიდა ერთადერთი რეგიონის გუნდი “ბურჯი”. თელაველებმა დღეს ოლიმპიურ სასახლეში “ზესტაფონთან” 70:91 (სტატისტიკა) წააგეს და მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი დაკარგეს. უფრო ზუსტად, ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართა “ორბისა” და “კავკასიის” მატჩი და ორბელთა გამარჯვების (83:64 სტატისტიკა) შემდეგ საპლეიოფო ოთხეული შეიკრა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა “ორბმა” მეოთხე პოზიცია ისე დაიკავა, რომ ბოლო ტურში ნებისმიერი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში ვეღარ დაქვეითდება. მე-5 ადგილზე გასულ თელაველებს კი “ა” ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა საკვალიფიკაციოში მოუწევს, რომელიც მომავალი სეზონის წინ გაიმართება.
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური 11 და 12 აპრილს გაიმართება. ეს მატჩები გაარკვევს, თუ ვინ ვის შეხვდება პლეი ოფში. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის ერთ წყვილს პირველ და მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები შეადგენენ, ხოლო მეორეს – მეორეზე და მესამეზე გასულები. ნახევარფინალურ სერია 2 მოგებამდე იქნება, ხოლო ფინალი – სამამდე. ფინალში გამარჯვებული გუნდი სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს, ხოლო დამარცხებულს სუპერლიგის რეგულარულში მე-10 ადგილზე გასულ გუნდთან მოუწევს საკვალიფიკაციო რაუნდში ამ საგზურისთვის ბრძოლა.