“ა” ლიგაში პირველი წრე დასრულდა

“ა” ლიგაში პირველი წრე დასრულდა

დღეს ერთი მატჩით “ა” ლიგის პირველი წრე დასრულდა. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი “მეგა” “სპორტუნის” შეხვდა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. თავის მხრივ, სპორტის უნივერსიტეტელებმა დამახასიათებელი შეუპოვრობით, ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა 1 ლეგიონერით 3 უცხოელის მყოლ “მეგასთან” ვერას გახდნენ. 

სპორტუნიმ პირველი და მესამე პერიოდების მოგება მოახერხა, თუმცა მცირე ანგარიშით და საბოლოო ჯამში 15 ქულით – 78:93 (სტატისტიკა) დამარცხდა. გუგა პატარაიას გაწვრთნილმა მეგას მოთამაშეებმა 25:27 წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ დაცვა გაამაგრეს და უპირატესობას დაეპატრონნენ. მეორე ათწუთეული მეგამ 25:15 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 50:42 დაწინაურდა. 

სპორტის უნივერსიტეტელებმა ისევ სცადეს თამაშში გარდატეხის შეტანა და მესამე პერიოდში გამოჩენილი ბრძოლის შედეგად ჩამორჩენა 2 ქულით შეამცირეს, თუმცა დასკვნით მეოთხედში მეგას კალათბურთელებმა საბოლოოდ იძალეს და გამარჯვებამდეც დამაჯერებლად მივიდნენ.

გამარჯვებულებს 22 ქულით ჯერმეინ მეროუმ ულიდერა, 20 ქულა ასტონ ფრენსისმა, ხოლო 19 – ჯალენ ბრედლიმ მითვალა. სპორტუნიში გამორჩეული სტატისტიკა დააფიქსირა კრის ვრიმ – 27 ქულა, 16 მოხსნა, 6 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება. საბა გეგუჩაძემ შეხვედრა 17 ქულით დაასრულა. 

პირველი წრის ფარგლებში თითოეულმა გუნდმა 5 მატჩი გამართა და ლიდერი დაუმარცხებელი “კავკასიაა”. “მეგა” 4 მოგებით მეორეზეა, ხოლო 2-2 მოგებით 3-4 ადგილებს “ზესტაფონი” და თელავის “ბურჯი” იყოფენ. 

მეორე წრე სტარტს 22 მარტიდან აიღებს, რისი დასრულების შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი პლეი ოფშ გავა და სუპერლიგაში გადასასვლელად ბრძოლას გააგრძელებს.