“ა” ლიგას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც რეგულარული ჩემპიონატის მოგებასთან ახლოს არის. “ორბმა” დღეს, ტყიბულში ერთ-ერთი ფავორიტი “ივერიონი” დაამარცხა და უახლოეს მდევრებს 2 ქულით გაუსწრო. დარჩენილ 2 ტურში ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ნებისმიერი გუნდისთვის ძნელი იქნება, თუმცა რეგულარულის მოგება ხომ არაა მიზანი – თითოეული გუნდის ამოცანა პლეი ოფში წარმატებული თამაში და გამარჯვების მოპოვებით სუპერლიგაში გასვლაა.
ორბს მართლაც არ გასჭირვებია გორის გუნდის დამარცხება. ტყიბულელებმა ბოლო პერიოდი 16:25 წააგეს, თუმცა მანამდე იმხელა უპირატესობა ჰქონდათ მოპოვებული, რომ საბოლოოდ 88:76 (სტატისტიკა) იმარჯვეს. გამარჯვებაში მთავარი წილი ლეგიონერებმა დაიდეს: დემარკუს ეიდიმ 21 ქულა მოაგროვა, კენი კუპერმა 16 ქულა და 7 პასი. მოწოდების სიმაღლეზე იყო მიხეილ ჭოჭუა, რომელმაც 15 ქულა მიითვალა.
ამასობაში ცნობილი გახდა, თუ რომელი გუნდი დატოვებს “ა” ლიგას. ეს გახლავთ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, რომელმაც ჩემპიონატში ასპარეზობა ფინანსური პრობლემებისა და უიმედო სატურნირო მდგომარეობის გამო შეწყვიტა. ქუთაისელებს ბოლო 2 მატჩში ტექნიკური – 0:20 წაგება დაუფიქსირდათ და ისინი, ტურნირიდან მოიხსნენ. მის ადგილს სტუდენტური ლიგის გამარჯვებული დაიკავებს, ხოლო ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე გასული გუნდი “ა” ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო სერიას ითამაშებს “ა” ლიგის მორიგ პრეტენდენტთან.
დღესვე გაიმართა “ა” ლიგის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც “ასტრალმა” “დინამო” დაამარცხა. დინამოელებს მე-5 ადგილის დაკავება არ ასცდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ტიტულიან ქართულ გუნდს “ა” ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოუწევს. საკვალიფიკაციო რაუნდის თამაშები მომავალი, 2023-2024 წლების სეზონის დაწყების წინ ჩატარდება.