შედეგები
საკალათბურთო „ა“ ლიგა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში მდებარე საკალათბურთო აკადემიაში დაიწყო. ტურნირის მონაწილე 6 გუნდი კალენდრის მიხედვით პირველ ტურში შემდეგნაირად დაწყვილდა: კაქტუსი – თსუ, სეუ-ჰიუნდაი – წყალტუბო და არენა – დილა.
„ა“ ლიგის მონაწილე ექვსივე გუნდი დაახლოებით ტოლძალოვანია და ეს პირველმა ტურმაც გამოაჩინა. თსუ კაქტუსთან დამარცხდა, რაც ბევრისთვის მოულოდნელ შედეგად ჩაითვალა. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილ თსუ-ს ფავორიტად მიიჩნევდნენ, თუმცა არჩილ ჟღენტის კაქტუსმა სამაგალითოდ იბრძოლა და გარჯა დაუფასდა კიდეც.
თამაშის მსვლელობისას კაქტუსელები 10-15 ქულით იგებდნენ, თუმცა თსუ-ელებმა ბოლო წუთებზე მაინც მოახერხეს მეტოქესთან მიახლოება და დაზძაბულ ფინალში კაქტუსმა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა.
კარგი ახალწვეული ჰყავთ კაქტუსელებს. კამერუნელმა და ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ნათამაშევმა სამა ტაკუმ 25 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ხოლო დავით ხიზანიშვილმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და თავი 22 ქულა-13 მოხსნას მოუყარა. 14 ქულა ჰქონდა რომან ტუკვაძეს, დავით არწივიძემ გამარჯვებულებს 13 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი შესძინა. სტუდენტურ გუნდში საუკეთესო სოსო შერმადინი გახლდათ 17 ქულით.
მეორე წყვილში იოლი გამარჯვება მოიპოვა წყალტუბომ, რომელმაც სეუ-ჰიუნდაის 72:81 სძლია. წყალტუბოელებმა პირველი მეოთხედი 30:18 რომ მოიგეს, ლიდერობა ხელიდან არ გაუშვიათ. იმერუკ ლუბს წინ უკრაინელები – სერგეი ალფიოროვი და ალექსანდრ რიხლიუკი მიუძღვოდნენ, თუმცა აღსანიშნავია გიორგი კუჭავას გარჯაც, რომელმაც შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.
ალფიოროვს გასული 3 სეზონი უკრაინის სუპერლიგაში აქვს ნათამაშევი და საქართველოს „ა“ ლიგაში მისი შედეგიანი თამაში არავისთვისაა მოულოდნელი. სლავმა გამთამაშებელმა 20 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი და 2-2 ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. რიხლიუკმა გამარჯვებულებს 15 ქულა და 14 მოხსნა შესძინა.
ბოლო მატჩის პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. გორის „დილა“, რომელიც დისკვალიფიცირებული დავით მუშკუდიანის გარეშე თამაშობდა, ტოლს არ უდებდა უკრაინელი და ამერიკელი ლეგიონერებით გაძლიერებულ არენა 76-ს. კვანძი მესამე პერიოდში გაიხსნა, რომელიც არენელებმა დამაჯერებლად მოიგეს და გორელების წინააღმდეგობა გატეხეს. საბოლოოდ ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა არენა 76-მა დიდი სხვაობით იმარჯვა.
გამარჯვებულებს ამერიკელმა ჯერემი ბაინამმა ულიდერა, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. 16 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა უკრაინელმა ოლექსანდრ კოსენკოვმა. ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ნიკოლოზ ბაქრაძემ. გორის “დილაში” 22 ქულით საუკეთესო იყო ვახტანგ მინაშვილი.
“ა” ლიგის მომდევნო, მეორე ტურის მატჩები 20 და 21 მარტს გაიმართება.