თასის გათამაშებაში სუპერლიგის გუნდები “ა” ლიგელებზე დომინირებენ

თასის გათამაშებაში სუპერლიგის გუნდები “ა” ლიგელებზე დომინირებენ

გუშინ დაწყებულ საქართველოს თასის გათამაშების მორიგ მატჩებს დღეს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. მერვედფინალური სერიის პირველი მატჩები კიდევ 3 წყვილში გაიმართა. სამივე შემთხვევაში ერთმანეთს სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდები შეხვდნენ და ყველა მატჩში ფავორიტად მიჩნეულმა – სუპერლიგის გუნდებმა იმარჯვეს.

თავდაპირველად ერთმანეთს “შსს აკადემია-ტიტები” და “არენა-ორბი” დაუპირისპირდნენ. მატჩი სუპერლიგის წარმომადგენლის უპირატესობით დაიწყო და ისე დამთავრდა, “ტიტების” ლიდერობას საფრთხე არ დამუქრებია. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ 89:63 იმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

გამარჯვებულებს 22 ქულით კაშიმ რენსომმა ულიდერა. 20 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა ჟოელ ალმეიდამ, ხოლო ილია ლონდარიძის ანგარიშზე 11 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. “არენა-ორბში” 17 ქულა-10 მოხსნით საუკეთესო იყო გლენ ბარნსი.

მეორე მატჩში ერთმანეთს “თსუ-ჰიუნდაი” და კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდნენ. ეს გახლდათ დღევანდელი დღის ყველაზე საინტერესო მატჩი, რომელშიც გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებზე გაირკვა. პირველი ნახევრის შემდეგ კავკასიელები იგებდნენ (39:36), თუმცა მე-3 პერიოდში თსუ-ჰიუნდაელებმა ჯეიმს მილიკენისა და ახალწვეული ვიკტორ ნიკერსონის მექულეობით 25:9 იმარჯვეს და 13 ქულით დაწინაურდნენ. 

ბოლო პერიოდში კავკასიელებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ გამარჯვებამდე მისვლა ვერ მოახერხეს და მატჩიც თსუ-ჰიუნდაელთა გამარჯვებით – 83:73 დაარულდა. 21 ქულით ჯეიმს მილიკენი გამოირჩა. 19 ქულა ნიკერსონის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო გიორგი კორსანტია გამარჯვებულებს 11 ქულა-8 მოხსნით შეეწია.

ბოლო შეხვედრაში ერთღმანეთს “მგზავრები” და “ვერა” დაუპირისპირდნენ. ახალჩამოყალიბებულმა “ვერამ” სუპერლიგაში გამოცდილ “მგზავრებს” წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი28:20 მოიგო, მეორე – 27:15, ხოლო მესამეში 27:24 იძალა. ბოლო ათწუთეულს აზრი დაეკარგა, რადგან “მგზავრები” 23 ქულას იგებდნენ და გამარჯვებამდეც დამშვიდებით მივიდნენ.

ბერიშვილის გუნდმა საბოლოოდ 93:80 იმარჯვა და ამაში სოლიდური წვლილი ჯეიკობ არმსტრონგს მიუძღვის, რომელმაც 31 ქულა მოაგროვა. 16 ქულით გამოირჩა რევაზ ჩაჩანიძე, ხოლო კახა ჯინჭარაძემ შეხვედრა 7 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. “ვერაში” 19 ქულით საუკეთესო იყო ბრაისონ სკოტი, 17 ქულა გივი ბაქრაძის ანგარიშზეა.

თასის გათამაშების მერვედფინალში ხვალ ჩაერთვებიან “ბათუმი და “მეგა ბასკეტი”, რომლებიც აჭარის დედაქალაქში მერვედფინალური სერიის პირველ მატჩს გამართავენ.

დღევანდელი მატჩების სტატისტიკა იხილეთ შემდეგ ბმულზე:

http://superleague.ge/tournament/georgian-cup/schedule#mbt:275-303$t&0=1