დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში ვერამ ბათუმი დაამარცხა – 89:87 (სტატისტიკა). დავით გასიტაშვილის გაწვრთნილ გუნდს სუპერლიგაში ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი – 7 მატჩი აქვს გამართული და ბათუმთან მოგება მისთვის მე-2 გახლდათ. სატურნირო თვალსაზრისით ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ვერელებისთვის, რომელიც თბილისელებმა დაძაბულ ბრძოლაში, უშუალო კონკურენტთან მოიპოვეს.
თავის მხრივ, ბათუმელებს 2 მოგება ჰქონდათ და გამომდინარე მათი შემადგენლობისა და ამბიციისგან, გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. იგებდნენ კიდეც და დამაჯერებლადაც. პირველი ნახევრის შემდეგ ზღვისპირელები 12 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა მესამე პერიოდიდან ყველაფერი შეიცვალა. გამოცდილი მიხეილ ჭოჭუასა და ამერიკელი ლეგიონერების შედეგიანობით ვერელებმა ჩამორჩენა შეამცირეს და ბოლო ათწუთეულში მეტოქეზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს.
მთელი ბოლო პერიოდი ვერელები მეტოქეს მისდევდნენ და ბოლო წუთზე მოახერხეს დაწინაურება. ძირითადი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე მიხეილ ჭოჭუამ სამქულიანით თავისი გუნდი 74:73 გაალიდერა. ბათუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, კაილი რიდლიმ შეტევა გააცუდა, თუმცა სოსო გოგნაძემ ფარქვეშ ყველას აჯობა და ბურთი ბათუმელებს დარჩათ. გიორგი ოჩხიკიძემ ძირითადი დროის ამოწურვამდე 2.1 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და თითქოს ყველაფერი გადაწყვიტა.
ვერელებმა ორმაგი წუთშესვენება აიღეს და გადამწყვეტი შეტევა კარგად დაგეგმეს. ბურთი მიხეილ ჭოჭუამ მიიღო, მეტოქე ერთი დრიბლინგით ჩამოიცილა და სირენის თანხლებით შორეული ორქულიანით თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. ექსტრახუთწუთეულში ვერელებმა სროლების უმეტესობა ჩააგდეს. მარტის კიმბრომ, ჯამირ კოულმენმა და ლუკა ზაქრაძემ სამქულიანებით ვერელებს ბოლო წამებამდე ლიდერობა შეუნარჩუნეს. გადამწყვეტ, ბოლო შეტევაში, როცა თბილისელები 1 ქულით იგებდნენ, ფარქვეშიდან ჯერ კაილი რიდლიმ, შემდეგ კი სოსო გოგნაძემ ორქულიანები გააცუდეს და მატჩის ბედი ვერას სასარგებლოდ გადაწყდა,
გამარჯვებულთაგან სამმა კალათბურთელმა: მარტის კიმბრომ, მიხეილ ჭოჭუამ და ჯამირ კოულმენმა 22-22 ქულა დააგროვა. საუკეთესო სტატისტიკა კი კოულმენს ჰქონდა, რომელმაც პლუს 13 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ბათუმში 21 ქულითა და 9 პასით საუკეთესო იყო კაილი რიდლი, სანდრო სანაძემ ზღვისპირელებს 17 ქულა შესძინა.