დღეს სუპერლიგის მორიგი ტური რეგიონებში დაიწყო. ქუთაისსა და რუსთავში ამ ქალაქის გუნდების მასპინძლობით თითო მატჩი გაიმართა. იმერული კლუბმა გამარჯვების მოპოვება მოახერხა და მეორე ადგილზე გამყარდა, რუსთავის გუნდმა კი მარცხი იწვნია და რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ 4 მატჩში მაქსიმალური ძალისხმევა მართებს, რომ ბოლოსწინა ადგილი არ დაიკავოს და სუპერლიგაში დასარჩენად “ა” ლიგის პრეტენდენტთან საკვალიფიკაციო სერიაში არ მოუწიოს ბრძოლა.
რუსთავს “ცხუმ-აფხაზეთი” ესტუმრა, რომელსაც ქვემოქართლელებზე ერთით ნაკლები მოგება ჰქონდა, ხოლო წაგება – თანაბარი. შესაბამისად, ეს გახლდათ უშუალო კონკურენტების მატჩი და საკმაოდ გასაკვირია, რომ ბრძოლა არ შედგა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა “ცხუმ-აფხაზეთმა” 30 ქულის სხვაობით – 92:62 (სტატისტიკა) დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი “რუსთავი” და სატურნირო ცხრილის ქვედა ნახევარში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
ხუთ გუნდს თანაბარი, 6-6 მოგება აქვს და ეს გუნდები – კაკტუსი, რუსთავი, მეგა, ცხუმ-აფხაზეთი, ტიტები – ცხრილში ამ თანმიმდევრობით არიან VI-X ადგილებზე განლაგებულნი. ბოლო, მე-11 ადგილზე მყოფ “დინამოს” მხოლოდ 3 მოგება აქვს და სუპერლიგიდან რომ არ გავარდეს, საოცრება უნდა მოხდეს.
რაც შეეხება დღევანდელ მეორე მატჩს, კოტე ტუღუშის გაწვრთნილი “ქუთაისი” მცირე ჩავარდნის შემდეგ წარმატებულ კალაპოტს დაუბრუნდა. წინა მატჩში შინ რუსთაველების დამარცხების შემდეგ ქუთაისელებმა დღეს “კაკტუსსაც” მოუგეს – 95:86 (სტატისტიკა). თუ არ ჩავთვლით მეორე პერიოდის შუა მოკლე მონაკვეთს, მასპინძლები მთელი თამაშის მანძილზე იგებდნენ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი “კაკტუსი” მატჩის ბოლომდე ინარჩუნებდა წარმატების შანსს, მაგრამ საბოლოო წარმატების მისაღწევად ძალები არ ეყო.
ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 29 მარტს თბილისსა და ბათუმში გაიმართება. ბათუმის გუნდმა საშინაო დარბაზი გამოიცვალა და ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლის ნაცვლად სუპერლიგის მატჩებს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლეში უმასპინძლებს. ბათუმელთა პირველი სტუმარი “მეგა” იქნება.
თბილისში კი “ოლიმპი” “დინამოს”, ხოლო “ტიტები” “ვერას” დაუპირისპირდება.