4-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა “ცხუმ-აფხაზეთმა”, რომელმაც სუპერლიგის მორიგ ტურში “ვერა” დაამარცხა. თავის მხრივ, ვერელებმა ზედიზედ მე-3 მარცხი იწვნიეს, რაც ამ გუნდის პირველი წრის ბრწყინვალე შედეგი (8 მოგება, 2 წაგება) გვარიანად გააუარესა და დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი გუნდიც ცხრილში პოზიციებს თმობს.
ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილ “ცხუმ-აფხაზეთს” გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ცხუმელებს მხოლოდ ღრმა აუტსაიდერ “დინამოზე” მეტი მოგება ჰქონდათ და ცხრილშიც ბოლოსწინა ადგილზე იყვნენ. დამარცხების შემთხვევაში “ცხუმ-აფხაზეთი” კიდევ უფრო გაიუარესებდა მდგომარეობას, რაც გუნდის წევრებმა არ დაუშვეს.
პირველი ათწუთეული ცხუმელებმა 2 ქულით მოიგეს, თუმცა მეორეში ლიდერობა გუნდური თამაშის წყალობით გაიმყარეს და დიდ შესვენებაზე უკვე 11 ქულით – 46:35 იგებდნენ. შესანიშნავად თამაშობდა ნოდარ გოგოძე, რომელმაც შორი სროლებიც ჩააგდო და სწრაფი გარღვევებიც შედეგიანად განახორციელა. მისი შედეგიანობის წყალობით “ცხუმ-აფხაზეთს” არ უჭირდა და თუ არ ჩავთვლით მესამე პერიოდის მცირე მონაკვეთს, ძიძიგურის გუნდის გამარჯვებას საფრთხე არ დამუქრებია.
კარგად დაწყებული საქმე ცხუმელებმა გამარჯვებამდე მიიყვანეს – 85:72 (სტატისტიკა). სუპელრიგაში მე-5 გამარჯვებამ გუნდს ცხრილში მე-8 ადგილი მოუტანა, თუმცა კონკურენტ “კაკტუსსა” და “ტიტებს” სათვალავში თითო ქულითა და მატჩით ნაკლები აქვს. ცხუმელებს გოგოძემ 26 ქულით ულიდერა. 22 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი ალექსანდრ ფიკოკმა მიითვალა, ჯაი უილიამსმა შეხვედრა 12 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. “ვერაში” 24 ქულითა და 11 მოხსნით ზაკ სელიასი გამოირჩა, ობრი მაკალპინის ანგარიშზე კი 25 ქულა დაგროვდა.
ტურის ბოლო 2 შეხვედრა 21 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:
ტიტები – დინამო 14:00
კაკტუსი – რუსთავი 16:15