პირველივე მეოთხედფინალურ სერიაში, რომელშიც 2 მატჩი გაიმართა, ანგარიში გათანაბრდა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა “ტიტებმა” თსუ 86:80 (სტატისტიკა) დაამარცხა და მეოთხედფინალურ სერიაში საერთო ანგარიში 1:1: გახადა.
სერიის პირველი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა იოლად – 26 ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა მეორე დღეს წაგება იწვნია. ეს უპირველესად “ტიტების” მობილიზების შედეგია. ლეჟავას გუნდი თავიდანვე შემართებით გამოვიდა მოედანზე და მთელი თამაშის მანძილზე შედეგიანად ირჯებოდა.
პირველი პერიოდი მინიმალური სხვაობით “ტიტებმა მოიგო”, თუმცა მეორე პერიოდში თავიდანვე დაწინაურდა და ერთხანს 9 ქულითაც იგებდა, თუმცა თსუ-მ ჩვეული აფეთქება გამოავლინა, რითაც მეოთხედის დასკვნით წუთებში მეტოქე დაჯაბნა და დიდი შესვენებისთვის ქულით იგებდა – 44:43.
მესამე პერიოდი კვლავ თანაბრად გაგრძელდა, ტიტები პერიოდულად წინ გადიოდა, თუმცა თსუ გამუდმებით ათანაბრებდა. ცხადი იყო, რომ ყველაფერი ბოლო პერიოდში, უკანასკნელ წუთებზე გადაწყდებოდა და ასეც მოხდა. შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე “ტიტები” 7 ქულით – 74:67 დაწინაურდა, რასაც თსუ-ს წუთშესვენება და შედეგიანი გაქცევა მოჰყვა.
პაპ დიოპის ორქულიანის შემდეგ ლოველ ქაბილმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი სამიანი ნიკოლოზ დარბაიძემაც მოაყოლა და თსუ წინ გავიდა – 78:74. თითქოს აქ “ტიტები” უნდა გატეხილიყო, თუმცა პირიქით მოხდა. თსუ-სთვის რისხვასავით იქცა ჯავიონ ოგუნიემი, რომელიც ფარქვეშეთს სრულად დაეპატრონა და ახლო ორქულიანებითა და ჯარიმებით ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. გადამწყვეტი გამოდგა აკაკი ლომოურის სამქულიანი, რომელმაც პერიმეტრიდან ჩაგდებული უმნიშვნელოვანესი ბურთით ანგარიში “ტიტების” სასარგებლოდ – 85:80 გახადა და თამაშის ბედიც გაარკვია.
20 წამში თსუ-მ თამაში ვეღარ გადაარჩინა და დამარცხდა. გამარჯვებულთაგან 25 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო ოგუნიემი. 19 ქულა კრის პარკერმა მიითვალა, ხოლო ისააკ ასტრატის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. თსუ-ში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა რაილ ოუენსმა, რომელმაც 20 ქულა მიითვალა. 15 ქულა ნიკოლოზ დარბაიძის, ხოლო 13 ქულა პაპ დიოპის ანგარიშზეა.
სერიის მე-3 შეხვედრა 3 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 20:00 საათზე გაიმართება.