მიმდინარე სეზონის ყველაზე დაძაბულ მატჩს დღეს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა ორ ოვერტაიმსა და ტრამატიზმით სავსე მატჩში მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილი დინამო 2 ქულით დაამარცხა. ძრითადი დრო 78:78 დასრულდა, პირველი ოვერტაიმის შემდეგ ისევ ფრე – 93:93 იყო და მხოლოდ მეორე ექსტრაპერიოდის შემდეგ დააფიქსირა თსუ-მ სასურველი ანგარიში –
104:102 (სტატისტიკა).
„დინამომ“ წინა ტურში დაუმარცხებელი „რუსთავი“ საკუთარ მოედანზე დაჩაგრა და იქიდანვე ცხადი იყო, რომ სტუდენტებთან დაპირისპირებაში მოედანზე გაათმაგებული მოტივაციით გავიდოდა. რუსთაველებთან გამარჯვებით დინამოელებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს და თსუ-სთან დიდი ბრძოლისუნარიანობაც გამოავლინეს, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.
მატჩი თსუ-მ დამაჯერებლად დაიწყო და კომფორტული სხვაობითაც დაწინაურდა. დინამოელებმა ანგარიშის შემცირება ეტაპობრივად მოახდინეს და ტაიმი მხოლოდ 37:43 დათმეს. თსუ მუდმივად წინ იყო და მეტოქეს წინ გასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა, თუმცა მეოთხე პერიოდის დასაწყიში მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილი გუნდი მაინც გალიდერდა. ეს მოხდა მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე და ამის შემდეგ მთელი შეხვედრა ქულა-ქულაში წარიმართა. ძირითადი დროის დასრულებამდე 9 წამით ადრე დინამოელები 78:75 იგებდნენ.
ბურთი თსუ-მ შემოიტანა და „დინამოს“ ტაქტიკური ჯარიმის აღებაც შეეძლო, რა შემთხვევაშიც თსუ-ს ორი საჯარიმოს შემდეგ ბურთი ისევ თვითონ რჩებოდა და თანაც ანგარიშში უარეს შემთხვევაში 1 ქულით წინ იქნებოდა, მაგრამ ბრენდონ სლაიმ მოედანი უსწრაფესად გადალახა და პერიმეტრზე უმეთვალყურეოდ დარჩენილ მიხეილ ჭოჭუას უპასა, ვინც შორეული სამქულიანი ჩასვა – 78:78.
უდაძაბულესი გამოდგა მირველი ოვერტაიმი. 5 წუთის ამოწურვამდე 7 წამი იყო დარჩენილი და თსუ 93:90 იგებდა. „დინამომ“ შეტევა გააფუჭა, თუმცა ალონზო უოკერმა ბურთი მოხსნა და ბრაის სმიტმა უხეში შეცდომა დაუშვა – უოკერს 2 ქულა ჩააგდებინა და დაჯარიმდა, რასაც ზუსტი საჯარიმო და მეორე ოვერტაიმი მოჰყვა, რომელიც იგივე სცენარით წარიმართა და კვანძი მხოლოდ მეორე ხუთწუთეულის დასრულებამდე 10 წამით ადრე გაიხსნა, როდესაც „დინამო“ 102:101 იგებდა.
ბრენდონ სლაიმ პერიმეტრზე ბურთი მაიზერ რევაზაშვილს მიაწოდა, ვისაც ამპლუიდან გამომდინარე სამქულინების ჩაგდება ნაკლებად ევალება, თუმცა ამ სიტუაციაში რევაზაშვილმა საოცარი რკინის ნერვები გამოავლინა და შორეული სროლით საბოლოო ანგარიში 104:102 დააფიქსირა.
თსუ-სგან ვინმეს გამორჩევა რთულია, მთელმა გუნდმა საოცარი მატჩი ჩაატარა. სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, აქ ყველაზე კარგი შედეგი მძიმე ფორვარდს ქუენთინ დავს აქვს – 23 ქულა, 13 მოხსნა და 1 პასი. 19 ქულით დაასრულა შეხვედრა მიხეილ ჭოჭუამ, ბრაისონ სმიტის ანგარიშზე კი 16 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. “დინამოში” 27 ქულით საუკეთესო ლუკა ბულაშვილი იყო. ტაილერ უილიამსმა 24, ხოლო ნიკოლოზ დარბაიძემ 18 ქულა მოაგროვა. ამრიგად, თსუ-მ პირველი წრე 10-დან 7 გამარჯვებით და 17 ქულით დაასრულა.
ლექსო ლაფანაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერია, თუმცა მეტოქეებს ჯერაც ჩასატარებელი აქვთ გამოტოვებული მატჩები.