დღეს ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის 2 მატჩი გაიმართა, რომლებიც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 94:89 (სტატისტიკა) დაამარცხა “ვერა”, ხოლო “კაკტუსმა” ზედ ბოლო წამზე მოახერხა “ოლიმპის” დამარცხება – 82:80 (სტატისტიკა).
ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ “ვერას” ბოლო წუთებზე აჯობა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინაროებდა. ხან ვერელები იყვნენ წინ, ხანაც – სტუდენტები. “ვერას” შემადგენლობაში ახალმა ლეგიონერმა – ჯოშუა ჰავლიმ ითამაშა, რომელმაც 12 წუთში 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ვერელთა შორის საუკეთესო იყო გივი ბაქრაძე, რომელის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
თსუ-მ მეტოქეს მეტი მობილიზებით და ფიზიკური გამძლეობით აჯობა. ბოლო პერიოდის წინ სტუდენტები 3 ქულით იგებდნენ, თუმცა ვახტანგ ქადარიას ზუსტი სროლის შემდეგ ვერელები 72:71 დაწინაურდნენ. თსუ-ს უკანახაზელმა ლუკა ზაქრაძემ, რომელიც ასევე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ზუსტი სამქულიანი ჩააგდო, რითაც სათავე დაუდო სტუდენტური გუნდის გაქცევას. თსუ-ელებმა უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებამდე მივიდნენ.
თსუ-ში 28 ქულითა და 6 პასით საუკეთესო იყო ბრენდონ სლაი. 18 ქულა ბრაის სმიტმა მოაგროვა, ხოლო საბა ლობჯანიძის ანგარიშზე 16 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. ვერელთაგან გივი ბაქრაძის შემდეგ 21 ქულით ვახტანგ ქადარია გამოირჩა. 20 ქულა ჯალენ ბრედლის ანგარიშზე დაგროვდა.
მიმდინარე სუპერლიგის პირველი მატჩი, რომლის ბედიც ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით გადაწყდა, “კაკტუსი”-“ოლიმპი” გამოდგა. ანგარიში 80:80 იყო და დასრულებამდე 3,6 წამი რჩებოდა, როცა გვერდითი ხაზიდან შემოტანილი ბურთი კაკტუსელმა სამაი ჰეინს-ჯონსმა მიიღო, დრიბლინგით ოლიმპელთა საჯარიმოს მიუახლოვდა და ესროლა. ბურთი კალათში ჩაეშვა და საფინალო სირენაც გაისმა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის გმირმა ჰეინს-ჯონსმა შეხვედრა 21 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა. 19 ქულა სანდრო სანაძემ, ხოლო 17 – ეი ჯეი სამბრიმ მიითვალა. ოლიმპელთაგან 16 ქულით საუკეთესო ლუკა კალატოზიშვილი იყო. 12 ქულა და 12 მოხსნა დევანტე ფოსტერმა მიითვალა.