თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და 2-მატჩიანი უიღბლო სერია, რაც ამ გუნდის ამბიციიდან გამომდინარე, კატასტროფული შედეგია, შეწყვიტა. თსუ-ს ეროვნული ნაკრების 3 მოთამაშე ჰყავს და ამბიციებიც შესაბამისად მაღალი აქვს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის დაწყების შემდეგ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოახდინა, რის გამოც წინა მატჩებში წაიფორხილა და ამ ეტაპისთვის ჩვეული ფორმა დაიბრუნა.
უნივერსიტეტელებმა ვერას დამაჯერებლად მოუგეს. თამაშს მესამე პერიოდში სპორტული ინტერესი დაეკარგა, რადგან თსუ-ს ლიდერობამ 30 ქულას გადააჭარბა. არადა, ვერამ მშვენივრად დაიწყო თამაში და პირველ პერიოდში 10 ქულითაც დაწინაურდა. სანამ თსუ-ელები მიზანს გაისწორებდნენ და თამაშს დაალაგებდნენ, ვერელები ლიდერობდნენ. პირველი პერიოდი დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებით – 29:25, თუმცა მეორე ათწუთეულიდან თსუ-ს შტურმი დაიწყო. ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი და გიორგი ცინცაძე შეუჩერებლები იყვნენ და ანგარიშიც განუხრელად თსუ-ს სასარგებლოდ იზრდებოდა. მეორე პერიოდი უნივერსიტეტელებმა 27:8 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
მესამე პერიოდში თსუ-მ გააგრძელა შედეგიანი თამაში და როგორც ზემოთ ვახსენეთ, მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყდა. ვერა არ გავდა გუნდს, რომელიც ბოლო პერიოდში 30 ქულიან ჩამორჩენას გააბათილებდა და ასეც მოხდა. საბოლოოდ თსუ-მ 105:74 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და ცხრილში 3 მოგებითა და 4 მარცხით მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა.
თსუ-ში 26 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. მიხეილ ბერიშვილმა 12 ქულა, 11 მოხსნა და 5 ჩაჭრა მიითვალა. გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა, ნიკოლოზ დარბაიძემ კი 15 ქულა მოაგროვა. ვერაში 19 ქულით საუკეთესო იყო მარტის კიმბრო. 15 ქულა და 10 მოხსნა ჯამირ კოულმენის ანგარიშზეა.