დღეს ოლიმპიურ სასახლეში თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ტურნირის მონაწილე 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ასაკობრივ ჩემპიონატებსა და „ბ“ ლიგებს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უკვე 4 წელია ატარებს. თბილისის ჩემპიონატები ერთგვარ შესარჩევ ტურნირებს წარმოადგენენ საქართველოს ჩემპიონატებისთვის. გუნდები შესაბამისი კვოტით დედაქალაქის პირველობიდან ქვეყნის ჩემპიონატზე გადიან.
ახლახანს დასრულებული 18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატიდან საქართველოს პირველობაზე ასპარეზობის უფლება 9 საუკეთესო გუნდმა მოიპოვა. დანარჩენები „ბ“ ლიგაში გადაინაცვლებენ, მათ სხვა მსურველებიც დაემატებათ და „ბ“ ლიგაში სეზონის ბოლომდე ითამაშებენ.
რაც შეეხება თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატს, მასში წლეულს 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო საქართველოს პირველობის საგზურს 10 საუკეთესო მიიღებს. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ კენჭისყრას მონაწილე გუნდების მწვრთნელებთან ერთად თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, კავშირის წევრები – ზაზა ღონღაძე, ვლადიმერ ძიძიგური და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალეკო პეტრიაშვილი და სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორი, გიორგი ზაბახიძე დაესწრნენ.
კენჭისყრის შედეგებს წარმოდგენილ ფოტოზე ნახავთ, ხოლო რაც შეეხება გათამაშების სისტემას, პლეი ოფში თითო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა და დედაქალაქის ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს. ეს 8 გუნდი საქართველოს ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მიიღებს, ხოლო დარჩენილი 2 ადგილისთვის ჯგუფებში მესამეზე გასული გუნდები საკვალიფიკაციო რაუნდში იბრძოლებენ
თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატი სტარტს მომავალ კვირაში აიღებს, მანამდე კი გუნდებს ტურნირის კალენდარი დაურიგდებათ.