დღეს თბილისის მიმდინარე სეზონის რიგით მეორე ასაკობრივი ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა. დედაქალაქის 18-წლამდელთა პირველობა 15 ოქტომბერს დასრულდა, დღეს კი 14-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე გუნდები კენჭისყრის შედეგად ჯგუფებში გადანაწილდნენ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ასაკობრივ ჩემპიონატებსა და „ბ“ ლიგებს თბილისის კალათურთის განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უკვე 4 წელია, ატარებს. თბილისის ჩემპიონატები ერთგვარ შესარჩევ ტურნირს წარმოადგენენ საქართველოს ჩემპიონატებისთვის. გუნდები შესაბამისი კვოტით დედაქალაქის პირველობიდან ქვეყნის ჩემპიონატზე გადიან.
ახლახანს დასრულებული 18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატიდან საქართველოს პირველობაზე ასპარეზობის უფლება 9 საუკეთესო გუნდმა მოიპოვა. დანარჩენები „ბ“ ლიგაში გადაინაცვლებენ, მათ სხვა მსურველებიც დაემატებათ და „ბ“ ლიგაში სეზონის ბოლომდე ითამაშებენ.
რაც შეეხება თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატს, მასში წლეულს 13 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო საქართველოს პირველობის საგზურს 8 საუკეთესო მიიღებს. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ კენჭისყრას მონაწილე გუნდების მწვრთნელებთან ერთად თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალეკო პეტრიაშვილი და სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორი, გიორგი ზაბახიძე დაესწრნენ.
კენჭისყრის შედეგებს წარმოდგენილ ფოტოზე ნახავთ, ხოლო რაც შეეხება გათამაშების სისტემას, პლეი ოფში თითო ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა. მეოთხედფინალის დარჩენილ 2 საგზურს მესამეადგილოსნები და 1 საუკეთესო მეოთხეადგილოსანი საკვალიფიკაციო რაუნდში გაითამაშებენ. აღნიშნული 4 გუნდიდან პლეი ოფის, და შესაბამისად საქართველოს ჩემპიონატის საგზურს, 2 საუკეთესო მიიღებს.
თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატი სტარტს მომავალ კვირაში აიღებს, მანამდე კი გუნდებს ტურნირის კალენდარი დაურიგდებათ.