სუპერლიგის პირველი ტური სანახაობრივი მატჩით დასრულდა: კაკტუსი – სოხუმი 82:80

სუპერლიგის პირველი ტური სანახაობრივი მატჩით დასრულდა: კაკტუსი – სოხუმი 82:80

სუპერლიგის პირველი ტური სანახაობრივი მატჩით დასრულდა. შაბათს გამართული 3 შეხვედრის შემდეგ დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ტურის დასკვნითი – მეოთხე მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „სოხუმი“ და“კაკტუსი“ შეხვდნენ. მატჩის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მატჩი ახლოს იყო მეორე ოვერტაიმთან, თუმცა კაკტუსელთა ამერიკელმა ლეგიონერმა კრისტიან ჯონსონმა ეფექტური გდებით შეხვედრას წერტილი დაუსვა.

სეზონი ეხლა ხურდება, სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში წინ კიდევ 27 ტურია და გუნდებიც საგრძნობლად მოუმატებენ – თუმცა „კაკტუსმაც“ და“სოხუმმაც“ პირველსავე ტურში, რომ იტყვიან, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს.

არადა, სოხუმელები მატჩისთვის განკუთვნილი დროის უდიდეს ნაწილში ლიდერობდნენ. მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 22:13 მოიგო და დაახლოებით ამ სხვაობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. ბოლო პერიოდის წინ სოხუმელები 12 ქულით იგებდნენ, ხოლო ბოლოსწინა წუთზე კი 6 ქულით – 69:63 ლიდერობდნენ.

კაკტუსის მოთამაშეებმა მცირე სასწაული მოახდინეს, რაშიც მათ ამერიკელი ლეგიონერის – კრის უორდის სამქულიანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. კაკტუსელებმა ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრეს და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. „სოხუმი“ ისევ დაწინაურდა, ამჯერად 5 ქულით, თუმცა კრის უორდმა ისევ ჩააგდო სამქულიანი.

ბოლო წამებზე არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი „კაკტუსი“ 3 ქულას იგებდა, თუმცა საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე უკრაინელმა ბოგდან ბაიდამ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა – 80:80. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მეორე დამატებითი 5-წუთეული უნდა დანიშნულიყო, თუმცა სოხუმელებს დაცვაში ჯონსონი გამოეპარათ, რომელმაც ბურთი გვერდით ხაზთან მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და ძალიან ეფექტურად ჩატენა – 82:80 „კაკტუსის“ პირველი გამარჯვება ახალდაწყებულ სუპერლიგაში.

„კაკტუსში“ 24 ქულით საუკეთესო იყო კრის ჯონსონი. 16 ქულა დააგროვა დეანდრე პარკსმა, ხოლო 14 ქულა კრის უორდის ანგარიშზეა. დავით ლომიძემ კაკტუსელებს 13 ქულა შემატა. „სოხუმში“ 22 ქულითა და 10 მოხსნით ანატოლი ჩელოვანი გამოირჩა. 15 ქულა მოაგროვა მაქსიმ ლუცენკომ, ხოლო ბოგდან ბაიდას ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მეორე ტური 19 ოქტომბერს, „რუსთავისა“ და „მარნეულის“ ქვემოქართლური დერბით გაიხსნება.

კაკტუსი – სოხუმი  82:80